გურამ კაშია ჰოლანდიელებს დაემშვიდობა - თქვენ ყოველთვის ჩემს გულში იქნებით
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ გურამ კაშია კარიერას ამერიკაში, „სან-ხოსეში“ გააგრძელებს.
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც ყოფილ კლუბს, არნემის „ვიტესსა“ და მის გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
„მიუხედავად იმისა, რომ უკვე “ვიტესის” ნაწილი აღარ ვარ, ეს გუნდი მუდამ იქნება ჩემი ნაწილი. მადლობა იმისთვის, რაც ჩემთვის გააკეთეთ და რომ გავხდი ის, რაც ახლა ვარ. “ვიტესში” კარიერის საუკეთესო პერიოდი გავატარე. დამშვიდობება ჩემი გეგმის ნაწილი არასოდეს ყოფილა, თუმცა ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ეს კარგიც მთავრდება.
იმედი მაქვს, გესმით ჩემი არჩევანი. მსურს, ახალი გამოცდილება შევიძინო. მადლობა კლუბის საოცარ თანამშრომლებს. რასაც „ვიტესში“ მივაღწიე, თქვენს გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არნემში „ვიტესის“ მხარდამჭერები არიან. მადლობა იმ სითბოსთვის, რაც ამ 8 წლის განმავლობაში ჩემს მიმართ გაიღეთ. სადაც არ უნდა ვიყო, მისი ფანები, კლუბი და ქალაქი ყოველთვის ჩემს გულში იქნებით ”, – წერს კაშია.
გურამ კაშია „ვიტესში“ 2010 წლიდან თამაშობდა და გუნდის კაპიტანი იყო. ჩატარებული შეხვედრების რაოდენობით კი არნემელთა რეკორდი გააუმჯობესა.