გურამ კაშია - ჰალანდი დიდი დანაკლისია. ალბათ ნორვეგიის ნაკრები სქემას შეცვლის #1TVSPORT
ნორვეგიასთან მოახლოებულ შეხვედრაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ კომენტარი გააკეთა, რომელიც პრესკონფერენციას ვილი სანიოლთან ერთად ესწრებოდა.
„ვიცით, რომ ძლიერი გუნდია და ღირსეული ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. თუ მოედანზე გასვლის საშუალება მომეცემა, იმედია, წარმატებით მოვახერხებ მათი შემტევების წინააღმდეგ თამაშს.
კარგი მოგონებები მაკავშირებს ბათუმის სტადიონთან – სანაკრებო და „სლოვანის“ მატჩებიდან გამომდინარე. აქ გულშემატკივრები შესანიშნავ გარემოს ქმნიან და იმედია, კიდევ ერთ დასამახსოვრებელ შეხვედრას ჩავატარებთ. თუმცა, ვიცი, რომ ძალიან რთული თამაში გველის.
ეს უფრო ძლიერი ჯგუფია, ვიდრე ერთა ლიგაზე, სადაც ბულგარეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შევხდით. ახლა უფრო რთული გამოცდის წინაშე ვართ.
ჰალანდი დიდი დანაკლისი იქნება ნორვეგიის ნაკრებისთვის და ალბათ მეტოქე, აქედან გამომდინარე, სათამაშო სქემას შეცვლის. აღნიშნული გამოწვევისთვის მზად ვართ.
დებიუტანტებს რაც შეეხებათ, ვიმედოვნებ, ნაკრებს გამოადგებიან. ვეტერანები კი შევეცდებით, მათ გვერდში დავუდგეთ“, – ამბობს გურამ კაშია.
საქართველოსა და ნორვეგიის შორის შეხვედრა 28 მარტს, 20:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).