გურამ კაშია - ერთი გულშემატკივარიც თუ მეყოლება, ნაკრებში ჩამოვალ
გურამ კაშია - ერთი გულშემატკივარიც თუ მეყოლება, ნაკრებში ჩამოვალ

„სანამ ერთი გულშემატკივარი მაინც მეყოლება ჩვენს ქვეყანაში, იმ ადამიანისთვის გამოვცხადდები ნაკრებში“, – აცხადებს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია, რომელმაც „ფეისბუკის“ საკუთარი გვერდი მუქარისა და სიძულვილის ენის შემცველი გზავნილების მიღების გამო გააუქმა და მოგვიანებით ოფიციალური განცხადება „ინსტაგრამის“ საშუალებით გააკეთა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სოციალურ ქსელებში კვლავ წამოიწია კაშიას საკითხმა. თემა აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხორვატმა ფეხბურთელმა იოსიპ ბრეკალომ, რომელიც გერმანულ „ვოლფსბურგში“ თამაშობს, საჯაროდ გამოხატა თავისი უარყოფითი დამოკიდებულება სექსუალური უმცირესობების მხარდამჭერი აქციების მიმართ.

სოციალური ქსელების ბევრმა მომხმარებელმა პარალელი გურამ კაშიასთან დაკავშირებით გასულ სეზონში მომხდარ ფაქტთან გაავლო, როდესაც ჰოლანდიურ „ვიტესში“ მოთამაშე ქართველმა ფეხბურთელმა ფეხბურთის ფედერაციის მიერ ინიცირებულ აქციაში მიიღო მონაწილეობა და ერთ-ერთ თამაშზე ლგბტ პირთა მხარდამჭერი სამკლავურით გამოვიდა მოედანზე.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 30 აგვისტოს, უეფა გურამ კაშიას სპეციალურ ჯილდოს გადასცემს. პრიზი სახელწოდებით “თანასწორი თამაში” პირველად სწორედ ქართველ ფეხბურთელს, ტოლერანტობის მაღალი ხარისხის გამოჩენისთვის გადაეცემა.