გურამ კაშიამ გიბრალტართან მოგებით (3:0) გახარებულია, მაგრამ არ მალავს, რომ ახლა მთავარი საფიქრალი დანიასთან 10 ივნისის მატჩია.
„შეხვედრას ძალიან დადებითად შევაფასებ, რადგან დიდი ანგარიშით მოვიგეთ და დიდი ენერგია არ გაგვიღია. თავის გამოჩენის შანსი ბევრ ახალგაზრდას მიეცა და ალბათ, მათ ეს შეძლეს“, – ამბობს კაშია.
გამოცდილმა მოთამაშემ დანიასთან მოახლოებულ დაპირისპირებამდე საქართველოს ნაკრებში არსებულ პრობლემებზე ილაპარაკა და თავისი აზრი დააფიქსირა, თუ როგორ შეიძლება მეტოქეს დავუპირისპირდეთ.
„სამწუხაროდ, დანიასთან თამაშზე ძალიან ბევრი ფეხბურთელი დაგვაკლდება, მაგრამ შეიძლება, წარმატებით ვითამაშოთ. მხოლოდ დაცვაში ჩაჯდომა და იღბალზე თამაში არ გამოგვივა. აუცილებელიცაა, რომ უფრო თავხედურად შევუტიოთ და ინდივიდუალური ტექნიკაც გამოვიყენოთ“, – აღნიშნა კაშიამ.