გურამ კაშია - ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაზაა „მე ვარ საქართველო“ #1TVSPORT
„მე ვარ საქართველო”, – ასეთია ბრენდის ახალი სლოგანი და ვერბალური იდენტობა, რომლითაც ფეხბურთის ფედერაციამ ბრენდ პლატფორმის პრეზენტაციაზე ახალ იდეოლოგია გაახმოვანა.
„შემუშავდა ბრენდის პლატფორმა, რომლის უმთავრესი იდეა სპორტსმენების მუდმივი თვითგანვითარებაა, რადგან სწორედ ამგვარი ინდივიდებისგან შემდგარი ერთობა ხდის ეროვნულ ნაკრებს კონკურენტულ და ანგარიშგასაწევ ძალად საერთაშორისო ასპარეზზე. შეიცვალა ბრენდის ვიზუალური იდენტობა, სადაც ბრენდის არქერტიპი გმირია. ის, ვინც საკუთარ თავში სისუსტეს ამარცხებს და საკუთარი მიზანდასახულობით, სხვებსაც შთააგონებს. ამ შინაარსის გამომხატველი ვიზუალური სიმბოლიკა თავად ჩვენი ქვეყნის გერბზეა გამოსახული – წმინდა გიორგი სიძლიერის, იმედის, ბოროტებასთან ბრძოლის სიმბოლოა. ამ სიმბოლოს ერთ-ერთი მთავარი ინტერპრეტაცია საკუთარ სისუსტეებზე გამარჯვებაა – ნებისმიერ მეტოქეს დაამარცხებ, თუ დაამარცხებ სისუსტეს შენში. სწორედ ამიტომ იქცა ამ სიმბოლოს განახლებული, თანამედროვე ვარიაცია ეროვნული ნაკრების ბრენდის ვიზუალურ იდენტობად. სიმბოლოს მოყვა ვიზუალური სტილიც. მასში გამოყენებული უნიკალური „პატერნი“ ქართულ ხასიათსა და სიმბოლიკას ჰარმონიულად აერთიანებს ბრენდის იდენტობასთან. ამ ფრაზას, ერთის მხრივ, ამბობს ბრენდი, რომელიც ქვეყანას მსოფლიო ასპარეზზე წარმოაჩენს და თავიდან ეცნობა სამყაროს, მეორეს მხრივ, ამბობს ფეხბურთელი რომელიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებს, ყოველდღიური ძალისხმევით მუდმივად ვითარდება, ავლენს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს და ამგვარად ახდენს კონტრიბუციას საერთო საქმეში და ასევე ამბობს გულშემატკივარიც, რომელიც მთელი ქვეყნის სახელით უჭერს მხარს ეროვნულ ნაკრებს“, – ასე ხსნის სფფ ახალ ბრენდ პლატფორმას.
პროექტის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ისაუბრა.
„ჩვენს ნაკრებს და ფეხბურთს ეს სიახლეები სჭრდებოდა. ამ არაჩვეულებრივი ლოგოს, სლოგანის, ფილოსოფიის შექმნაში ბევრი ადამიანი იყო ჩართული. ახლის შექმნის დროს აუცილებლად მნიშვნელოვანი იყო წარსულის გათვალისწინება. „მე ვარ საქართველო – გულწრფელი და გამბედავი“. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შიშები უნდა დავძლიოთ. ყველა მოთამაშემ უნდა თქვას, რომ ის არის ლიდერი და ასეთი ფეხბურთელების გუნდი იქნება წარმატებული. ესაა ახალი ფილოსოფია – ყველამ იგრძნოს პასუხისმგებლობა და შიშები დაძლიოს. საბჭოთა კავშირიდან მოგვდევდა წითელი ხაზები. აბსოლუტურ თავისუფლებას კი კარგად ვერ იღებდა და თავის გზას ვერ პოულობდა. თუ თითოეულმა მოთამაშემ არ დაამარცხა შიშები, არ აიღო პასუხისმგებლობა და არ თქვა, მე უნდა მოვუტანო გუნდს წარმატება, არაფერი გამოვა. ესაა წარმატების გასაღები. ესაა მთავარი იდეა“, – განაცხადა კობიაშვილმა.
ტატა მატვეევა, ქალთა ნაკრების კაპიტანი: „ყველა სპორტსმენი უნდა ფიქრობდეს, როგორ განავითაროს საკუთარი თავი, როგორ იყოს ყოველდღე უკეთესი და არასდროს დაკმაყოფილდეს მიღწეულით და გააკეთოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი. ცხადია, ამისთვის დიდი ნებისყოფა და მუდმივად საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო“.
გურამ კაშია, საქართველოს ვაჟთა ნაკრების კაპიტანი: „ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და ინსპირაციის მომცემი ფრაზაა „მე ვარ საქართველო” – მე ვიაზრებ პასუხისმგებლობას, რომ ვაჩვენო ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი – გავიმარჯვებ თუ დავმარცხდები, ნებისმიერ შემთხვევაში მე ვარ პასუხისმგებელი. ეს მთელმა ერმა უნდა გავითავისოთ – ყველაფერი ჩვენგან იწყება და თითოეული ჩვენგანი ვართ ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე პასუხისმგებელი“.