გურამ კაშია - ჩაკვეტაძე პროფესიონალია, ფეხბურთით ცხოვრობს და იმედია, მაღალ დონეზე ითამაშებს #1TVSPORT
ვილი სანიოლთან ერთად, „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია იმყოფებოდა და ჩრდილოეთ მაკედონიასთან შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„საშინაო შეხვედრებში წნეხი სულ არის, მით უფრო მაშინ, როცა ჯგუფში პირველობასთან ახლოს ხარ. პირიქით, ეს ამბავი (ბილეთების გაყიდვა) და ხალხის ინტერესი უფრო მახარებს, ბიჭები შემართულები ვართ, რადგან სავსე „დინამო არენაზე“ თამაში დიდი სტიმულია. ხალხის დაბრუნება ძალიან გვახარებს.
ლოჩოშვილი? უპირველესად, დავახასიათებ, როგორც პროფესიონალს. სამ თამაშს ვუყურე და ძალიან კარგად ითამაშა. დიდი პროგრესი აქვს და იმედია, კიდევ შეიძენს გამოცდილებას და უფრო მაღალ დონეზე ითამაშებს. ლოჩოშვილი ჩვენი ნაკრებისთვის დიდი შენაძენია.
როგორ მოხერხდა დიდი იმედგაცრუების შემდეგ ასეთი მეგობრული გუნდის ჩამოყალიბება? ადრინდელი თამაშის გამეორება არ მინდა. დღეს ძალიან კარგი და ჯანსაღი გარემოა, 99 პროცენტი თავის გუნდში თამაშობს, ბევრი ტალანტია და მათი იმედი მაქვს.
სიმართლე გითხრათ, ჩაკვეტაძეს კარგად არ ვიცნობდი. ძალიან პროფესიონალი ბიჭია, სულ სავარჯიშო დარბაზშია, ძალიან მშრომელია და ფეხბურთით ცხოვრობს. თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს და იმედი მაქვს, მალე გახდება ძველი ჩაკვეტაძე, თუმცა, უკვე არის, უბრუნდება თავის დონეს და დიდი იმედი მაქვს, მაღალ დონეზე ითამაშებს“, – განაცახადა გურამ კაშიამ.
ერთა ლიგის C4 ჯგუფში, საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებების საფეხბურთო დაპირისპირება 23 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. შეხვედრაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (FM 102,3).