გურამ კაშია - ახალგაზრდა ფეხბურთელებმა გვაჩვენეს, რომ დაღვინებულები არიან #1TVSPORT
გურამ კაშიამ და ზურიკო დავითაშვილმა კომენტარი გააკეთეს ჩეხეთთან მოგებულ შეხვედრაზე – საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ბედნიერია, რომ ევრო 2024-ის შემდეგ პირველივე შეხვედრაში „ჯვაროსნებმა“ ქართველი გულშემატკივრები გაახარეს.
„ძალიან მიხარია, რომ იმ წარმატების შემდეგ, რომელიც ზაფხულში გვქონდა, ასე სერიოზულად მივუდექით პირველ თამაშს. ხდება ხოლმე, რომ რაღაც კარგს ცუდი მოჰყვება ხოლმე, თუმცა დღევანდელ შეხვედრაში ახალგაზრდა ფეხბურთელებმა გვაჩვენეს, რომ დაღვინებულები არიან. მიხარია, რომ ასეთი მოთამაშეები გვყავს. ახლა მთავარია, შემდეგი თამაშისთვის მოვემზადოთ და ძალები აღვიდგინოთ, რადგან ალბანეთში რთული მატჩი გველის“, – ამბობს გურამ კაშია.
„სენტ-ეტიენის“ შემტევი ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი კი ამბობს, რომ „მთავარია, ეს დონე შევინარჩუნოთ“.
„ჩეხეთის ძალიან ძლიერ ნაკრებთან ძალიან კარგად ვითამაშეთ და ყველამ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთეთ, რაც შედეგშიც აისახა. სასიხარულოა, რომ მუხტი არ დავაგდეთ და ფეხი არ დაგვიცდა. ყველანი ძალიან გახარებულები ვართ. ასეთი კარგი დასაწყისი ფსიქოლოგიურადაც ძალიან დაგვეხმარება. მთავარია, ეს დონე შევინარჩუნოთ. თანაბარი ჯგუფია და იმედია, პირველ ადგილზე გავალთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა ზურიკო დავითაშვილმა.