გურამ გიორბელიძე - ნაკრებს გვიან შევუერთდი, მაგრამ უკვე 100 პროცენტით მზად ვარ #1TVSPORT
გურამ გიორბელიძე ეროვნულ ნაკრებს მოთამაშეებიდან ყველაზე გვიან შეუერთდა, რადგან მისი გუნდი „ვოლფსბერგერი“ ვენის „აუსტრიას“ კონფერენციათა ლიგის ორმატჩიან პლეიოფში (27 და 30 მაისს) დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, ევროსაგზური ვერ მოიპოვა.
„კლუბში საკმაოდ მძიმე სეზონი გამოგვივიდა, ძალიან დასანანი ქულები დავკარგეთ, ევროპალიგაზე მოსახვედრად რამდენიმე ქულა დაგვაკლდა. ასევე ვითამაშეთ კონფერენციის ლიგის პლეი ოფში და სამწუხაროდ, ორმატჩიან დაპირისპირებაში დავმარცხდით“, – ამბობს გურამ გიორბელიძე.
24 წლის მცველმა სანაკრებო მატჩებზეც ილაპარაკა.
„რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, გუნდს მოგვიანებით შევუერთდი, ძალები აღვიდგინე და უკვე 100 პროცენტით მზად ვარ, რომ მომავალ შეხვედრაში მონაწილეობა მივიღო. რუმინეთთან საჭირო თამაში მოვიგეთ და ეს მეტ თავდაჯერებას მოგვცემს. სასიამოვნოა, რომ ამ შეკრებაზე ახალგაზრდა მოთამაშეებს თავის გამოჩენის საშუალება ეძლევათ“.
ნიდერლანდებისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება 6 ივნისს საფეხბურთო კლუბ ტვენტეს სტადიონზე გაიმართება. ამხანაგური მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო, FM 102,3.