გუნდურ ბრინჯაომდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა | ძიუდო - მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი [ვიდეო]
05:46, 22.10.2018
ბაჰამის კუნძულებზე მიმდინარე, ძიუდოს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი, დღეს გუნდური ასპარეზობით დასრულდა.
საქართველოს ნაკრები შეჯიბრში მეოთხედფინალიდან ჩაერთო, სადაც საფრანგეთს 5:3 მოუგო.
ნახევარფინალში, ლაშა გუჯეჯიანისა და გია თენაძის შეგირდების მეტოქე, მომავალი ჩემპიონი -იაპონია იყო. აზიელებთან, საქართველოს ნაკრებიდან ერთადერთი გამარჯვება, 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში – გელა ზაალიშვილმა მოიპოვა, საბოლოოდ კი იაპონიამ 5:1 გაიმარჯვა.
ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები, რუსეთს დაუპირისპირდა და 3:5 დამარცხდა. ქართველთაგან გამარჯვებები – ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ); ლაშა ბექაურმა ( 90 კგ.) და გელა ზაალიშვილმა (+90 კგ.) მოიპოვეს.
რუსეთთან ერთად, კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე, საბოლოოდ ყაზახეთი ავიდა. ჩემპიონი, როგორც უკვე აღვნიშნეთ იაპონია გახდა, რომელმაც ფინალში – 5:1 ბრაზილია დაამარცხა.