გულშემატკივრებს არაფერს ვპირდები, მაგრამ მინდა, ერთად გავიხაროთ - სანიოლიმ სასურველი სათამაშო სქემა არ გაამხილა
ვილი სანიოლიმ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ სტუმრობისას არ ისურვა იმ სათამაშო სქემაზე საუბარი, რომლის გამოყენებასაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში აპირებს.
„ამაზე წარმოდგენა უკვე მაქვს. პირველ ოფიციალურ შეხვედრამდე რამდენიმე კვირაა დარჩენილი და შესაძლოა, ზოგიერთი მოთამაშე დაშავდეს და ამის გამო სათამაშო სქემა შევცვალოთ. მთავარი სათამაშო სქემა არაა – ეს უფრო ჟურნალისტებისთვისაა საინტერესო. მთავარია, ფეხბურთელმა იცოდეს, მოედანზე რას გააკეთებს. ამაზე პირველ ინფორმაციას ჩემი ასისტენტები მიიღებენ“, – განაცხადა „ტაიმაუტში“ ფრანგმა სპეციალისტმა.
რას პირდებით ქართველ გულშემატკივარს? – ამ კითხვაზე ვილი სანიოლიმ ემოციური პასუხი გასცა.
„რაც უნდა მოხდეს, გულშემატკივრები გუნდს გვერდში უდგანან და როგორც ფეხბურთელები, ერთად ტირიან ან ერთად იცინიან. ვიცი, რომ რამდენიმე ხნის წინ (ჩრდილოეთ მაკედონიასთან) წაგებული მატჩის შემდეგ ძალიან ბევრმა ადამიანმა იტირა. მათ ვერაფერს ვერ დავპირდები. ერთადერთი ის მსურს, რომ რამდენიმე კვირაში ჩვენ ერთად გავიხაროთ და ეს ძალიან კარგი ნიშანი იქნება“, – აცხადებს სანიოლი.