გულშემატკივრებმა მიქაუტაძეს KING'KAUTADZE შეარქვეს - გიორგი „მეცის“ გოლების 50 პროცენტში მონაწილეობდა [ვიდეო] #1TVSPORT
KING’KAUTADZE – ასეთი პოსტერით გამოეხმაურა „მეცის“ ქომაგთა გვერდი TeamGrenat-ი, საფრანგეთის ლიგაში 2-ის ბოლო ტურში გუნდის ქართველი თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის წარმატებულ თამაშს და მისი სტატისტიკა გამოაქვეყნა.
22 წლის ქართველმა თავდამსხმელმა „ანსისთან“ სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში (3:0) დუბლი და საგოლე გადაცემა შეასრულა და საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირთა დავაში დაწინაურდა.
TeamGrenat-ის „ტვიტერის“ გვერდმა სტატისტიკა განავრცო და მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირში მიქაუტაძის მონაგარი დაითვალა: გიორგიმ სულ 28 მატჩი ჩაატარა, 26 ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, გაიტანა 15 გოლი (1 საფრანგეთის თასზე) და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
რაც ყველაზე მთავარია, „მეცმა“ მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ში 40 გოლი გაიტანა, მიქაუტაძე კი ამ გოლების 50 პროცენტში, ანუ 20 გოლში უშუალოდ მონაწილეობდა.
„ლიგა 1-ში გადასვლისთვის ბრძოლაში ბოლო სიტყვა ჯერ კიდევ არ უთქვამს“, – ასე გამოეხმაურა გიორგის წარმატებულ თამაშს ლიგის ოფიციალური გვერდი Ligue2BKT-ი.
„მეცი“ საფრანგეთის ლიგა 1-ში გადასვლისთვის იბრძვის და სატურნირო ცხრილში „სოშოსთან“ მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფს.