გულშემატკივრებმა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ექსპერტებმა - შვეიცარიელი იევტიჩი #1TVSPORT
გულშემატკივრებმა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, ექსპერტებმა - შვეიცარიელი იევტიჩი #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინის“ გულშემატკივრებმა „სოჭთან“ შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, – ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

გამოკითხვაში საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელს მხარი გულშემატკივართა 73 პროცენტმა დაუჭირა, მეორეზე მეკარე იური დიუპინი (10%) გავიდა, ხოლო მესამეზე დანიელი ოლივერ აბილდგორი (4%), 13 პროცენტი სხვებზე გადანაწილდა.

ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს ნაკრებში ჩატარებული მშვენიერი მატჩების შემდეგ რუსეთის პრემიერლიგის 24-ე ტურში ყაზანის „რუბინს“, „სოჭთან“ მატჩში მხოლოდ მეორე ტაიმში დაეხმარა, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. მაგრამ ხვიჩამ 45 წუთში თავისი საქმე გააკეთა და რეალური მომენტები მხოლოდ მან შექმნა.

71-ე წუთზე ეფექტური გოლით „რუბინი“ დააწინაურა, მერე ქუსლით გაკეთებული გადაცემით შემტევს მეკარესთან პირისპირ ტოვებდა და მცველმა გადაცემა ბოლო მომენტში ჩაჭრა, 88-ე წუთზე კი ძლიერად დაარტყა და მეტოქე მეკარემ გადაარჩინა. ამ შეხვედრაში ყაზანელებმა 1:0 მოიგეს, 40 ქულა დააგროვეს, კონკურენტ „სოჭს“ გადაასწრეს და ევროზონაში, მე-5 ადგილზე დაწინაურდნენ.

რუსეთის ჩემპიონატის ოფიციალურმა პარტნიორმა, ტელეკომპანია „მატჩ პრემიერმა“ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ შვეიცარიელი დარკო იევტიჩი აღიარა.