გულნარა გაბელია ყაზახეთის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს #1TVSPORT
გულნარა გაბელია ყაზახეთის ჩემპიონი გახდა, ხოლო ბოლო ტურის შემდეგ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, – ინფორმაციას ქართველი ფეხბურთელი გოგონა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ქართველმა თავდამსხმელმა წარმატებას შიმქენთის ქალთა საფეხბურთო კლუბ „ბიიკ კაზიგურტის“ შემადგენლობაში მიაღწია, რომელიც 2009 წელს დაარსდა და მას შემდეგ ყაზახეთის 11-გზის ჩემპიონი გახდა, 2-ჯერ კი ვერცხლის მედალს დაეუფლა. ამავე დროს, ქართველის გუნდი ყაზახეთის თასის 12-გზის გამარჯვებულია.
გულნარა გაბელია თამაშობდა „ნორჩ დინამოელში“, ბათუმის და თბილისის „დინამოებში“. მოგვიანებით გადავიდა „ტრაბზონსპორში“. ის 2009 წლიდან თამაშობს „ბიიკ კაზიგურტის“ შემადგენლობაში, ანუ გუნდის დაარსების დღიდან და მისი ერთ-ერთი ლიდერია.
გულნარა გაბელია ცნობილია გოლით, რომელიც მან ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ გაუტანა – ქართველმა ფეხბურთელმა კატალონიურ გრანდთან შეხვედრაში კუთხური შეასრულა და პირდაპირ კარში ჩაახვია.
გაბელია 2009 წლიდან საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია. მაგრამ 2014 წელს ყაზახეთის მოქალაქეობა მიიღო და ბოლო პერიოდში ჩვენს ეროვნულ გუნდში აღარ თამაშობს.