გულიაშვილმა საგოლე გადაცემა მიითვალა - „სარაევომ“ ლიდერთან ქულა მოიპოვა #1TVSPORT
გულიაშვილმა საგოლე გადაცემა მიითვალა - „სარაევომ“ ლიდერთან ქულა მოიპოვა #1TVSPORT

გიორგი გულიაშვილის „სარაევო“ ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატის ლიდერს, „ზრინსკის“ ესტუმრა და 10 მოთამაშით დარჩენილ მეტოქესთან ქულა მოიპოვა – 1:1.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი მეოთხე ტურის გამოტოვებულ დაპირისპირებაში „სარაევოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო, საგოლე გადაცემა შეასრულა და მხოლოდ დამატებულ წუთებზე (90+3) შეცვალეს.

მე-13 წუთზე „ზრინსკიმ“ ანგარიში ​ნარდინ მულაჰუსეინოვიჩის შესრულებული ზუსტი პენალტით გახსნა. მაგრამ შვიდ წუთში „სარაევომ“ წონასწორობა აღადგინა და ამაში თავისი წვლილი გულიაშვილმაც შეიტანა – ქართველმა თავდამსხმელმა ბურთი ალექსანდარ ჯორჯევიჩს დაუგორა, რომელმაც ძლიერი დარტყმით მასპინძლებს გაუტანა.

მეორე ტაიმში „ზრინსკი“ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა – უხეშობისთვის მასპინძელთა ნახევარმცველი ტონი სუნიჩი მოედნიდან გააძევეს. „სარაევო“ რიცხვობრივი უპირატესობის გამოყენებას ცდილობდა, გულიაშვილმა თამაში რამდენჯერმე გაამწვავა, მაგრამ საბოლოოდ სტუმრები ქულას დასჯერდნენ.

12 ტურის შემდეგ ბოსნიის ჩემპიონატის ლიდერი ისევ „ზრინსკია“ (32), რომელსაც მეორე ადგილზე მყოფი „სარაევო“ ოთხი ქულით ჩამორჩება.