გულიაშვილმა ისევ გაიტანა - ქართველი ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირია #1TVSPORT
გიორგი გულიაშვილმა ბოსნია-ჰერცეგოვინის ჩემპიონატში ისევ გაიტანა, მაგრამ ამით „სარაევომ“ ვერ ისარგებლა და ერთ-ერთ ლიდერთან, „პოსუშიესთან“ საშინაო შეხვედრაში მხოლოდ ქულას დასჯერდა – 2:2.
23 წლის ქართველი თავდამსხმელი „სარაევოს“ ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. მე-19 წუთზე გულიაშვილმა ბურთი საჯარიმოში მიიღო და ეფექტური დარტყმით ანგარიში გახსნა.
„პოსუშიემ“ ანგარიში მეორე ტაიმში გაათანაბრა, მაგრამ „სარაევო“ 90+2-ე წუთზე ისევ დაწინაურდა, თუმცა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხა და მიმდინარე სეზონში ქულები პირველად დაკარგა – 2:2.
„სარაევო“ 13 ქულით მაინც პირველ ადგილზეა და ერთი მატჩი მარაგში აქვს, გიორგი გულიაშვილმა კი ხუთი გოლი გაიტანა და ჩემპიონატის ბომბარდირთა შორის ლიდერობს.
გიორგი გულიაშვილი საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში შედეგიანი მოთამაშე იყო – 19-წლამდელებში 18 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ხოლო ახალგაზრდულში 20 მატჩში – 8 გოლი, მათგან ერთი ევრო 2023-ის ფინალურ ეტაპზე, ბელგიასთან შეხვედრაში.