გულიაშვილმა გოლი და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა - „კრაკოვიაში“ კაკაბაძე საუკეთესო იყო [ვიდეო] #1TVSPORT
საქართველოს ნაკრებიდან პოლონეთში დაბრუნებულმა ოთარ კაკაბაძემ „კრაკოვიაში“ მორიგი მატჩი ჩაატარა – მისმა გუნდმა ნიკა კვეკვესკირის ყოფილ კლუბს, გათამაშების ლიდერს, პოზნანის „ლეხს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
პოლონეთის ჩემპიონატის (ექსტრაკლასა) მე-12 ტურის დაპირისპირებაში საქართველოს ნაკრების მცველი და კრაკოველების კაპიტანი ოთარ კაკაბაძე ძირითად შემადგენლობაში იყო, 90 წუთი ითამაშა და მატჩის დასაწყისშივე (15) ყვითელი ბარათი მიიღო. წაგების მიუხედავად, კაკაბაძემ გუნდში საუკეთესო შეფასება დაიმსახურა – 7,1 ქულა. ქართველის გუნდი მე-4 პოზიციაზე დაქვეითდა.
გიორგი გულიაშვილის „სარაევომ“ ბოსნიის ჩემპიონატში მოსტარის „ველეჟს“ (გულიაშვილი გასულ სეზონში ამ გუნდში იჯარით თამაშობდა) უმასპინძლა და 4:0 მოუგო. მასპინძლები მე-20 წუთზე კაცნაკლული დარჩნენ, თუმცა შვიდ წუთში მოთამაშე მოსტარელებსაც გაუძევეს.
„ჯვაროსნების“ 23 წლის თავდამსხმელმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და 31-ე წუთზე მისი გადაცემით ალდინ ტურკეშმა ანგარიში გახსნა – ეს გიორგისთვის მიმდინარე სეზონში პირველი საგოლე გადაცემა იყო. 53-ე წუთზე კი მცველის მიერ მოგერიებულ ბურთზე მეტოქეებს დაასწრო და ახლოდან ზუსტად დაარტყა.
ქართველ თავდამსხმელს შესანიშნავი სტატისტიკა აქვს – 9 გოლი 9 შეხვედრაში და პირველი ადგილი ჩემპიონატის ბომბარდირთა დავაში – გიორგის კონკურენტებზე სამით მეტი გოლი აქვს გატანილი.
ბოსნიის ჩემპიონატში „სარაევო“ 21 ქულით მეორე ადგილზეა.