გუჯა ლობჯანიძე ახალი სეზონისთვის „ტობოლთან“ ერთად თურქეთში ემზადება. საქართველოს ნაკრების 28 წლის თავდამსხმელმა კოსტანაის კლუბთან კონტრაქტი მცირე ხნის წინ გააფორმა.
კოსტანაის „ტობოლის“ პრესსამსახურმა გუჯა ლობჯანიძეს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ქართველმა თავადმსხმელმა პირველ შთაბეჭდილებებსა და კლუბში გადასვლის მიზეზებზე ილაპარაკა.
„მე ჯაბას (კანკავა) და ნიკას (კვეკვესკირი) ველაპარაკე. ისინი „ტობოლს“ მხოლოდ დადებითად იხსენებდნენ. თავადაც ვიცი, რომ გუნდს კარგი გულშემატკივრები ჰყავს. ჩემთვის გულშემატკივარი ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც ისინი სტადიონზე არიან, ეს ფეხბურთელისთვის და პირადად ჩემთვის უდიდესი მხარდაჭერაა და სამჯერ მეტს აკეთებ. მე გუნდი მომეწონა. ყველაფერი საუკეთესოდაა. ბიჭებსაც ვიცნობ, მაგალითად, მაროჩკინთან ერთად „კაისარში“ ვთამაშობდი. დანარჩენებსაც ვიცნობ, რადგან ყაზახეთში უკვე ორი წელია ვთამაშობ. გუნდში ძალიან კარგად, თბილად მიმიღეს და თავს კომფორტულად ვგრძნობ. ამიტომ გუნდის ატმოსფერო ძალიან მომწონს“, – ამბობს გუჯა ლობჯანიძე.
მისი თქმით, 9-ნომრიანი მაისურის აღება სურდა: „მე სულ 9 ნომრით ვთამაშობდი, მაგრამ რადგან ეს ნომერი „ტობოლში“ სამუდამოდ გუნდის ლეგენდას, ჟუმასკალიევს მიაკუთვნეს, მე 99 ნომერი ავიღე. 2019 წელს „ტარაზშიც“ ამ ნომრიანი მაისურით ვთამაშობდი“.
ლობჯანიძის თქმით, „მილანისა“ და იბრაჰიმოვიჩის გულშემატკივარია: „ბავშვობიდან დიდად არავის ფანი არ ვიყავი, მაგრამ პატარა ასაკიდან მახსოვს, მთელი საქართველო „მილანს“ გულშემატკივრობდა, რადგან იქ ქართველი კახა კალაძე თამაშობდა. მეც ამ გუნდს ვგულშემატკივრობდი. მას შემდეგ ეს გუნდი მომწონს. ფეხბურთელებიდან კი ჩემი კუმირი ბრაზილიელი რონალდო იყო. მერე კი სტილიდან გამომდინარე, ზლატან იბრაგჰიმოვიჩი მომწონდა, რადგან მეც ამ სტილში ვთამაშობ“.