ლუკა გუგეშაშვილმა აზერბაიჯანული „ყარაბაღის“ ფორმით სრულად ითამაშა კონფერენს-ლიგის პლეიოფის პირველი მატჩი ფრანგულ „მარსელთან“, რომელიც მარსელის „ველოდრომზე“ გაიმართა. ფრანგულმა კლუბმა „ყარაბაღი“ 3:1 დაამარცხა და აზერბაიჯანულ კლუბს შემდეგ წრეში გასვლის მცირე შანსი დაუტოვა.
„ყარაბაღის“ ქართველ მეკარეს საქმე არ აკლდა: მე-14 წუთზე არკაადიუშ მილიკის დარტყმა მოიგერია, 39-ე წუთზე კი შეცდა და ბურთი ხელიდან გაუვარდა, მაგრამ კამარამ ზუსტად ვერ დაარტყა. ერთ წუთში ისევ მილიკის დარტყმა მოიგერია კუთხურზე, რომელიც გოლით დასრულდა.
აზერბაიჯანული მედია ამ გოლში ქართველ მეკარეს ადანაშაულებს, მაგრამ რეალურად მცველები შეცდნენ და გუგეშაშვილი იძულებული გახდა ბურთის მოსაგერიებლად კარიდან გამოსულიყო, მაგრამ ვეღარ მოასწრო და მილიკმა ანგარიში გახსნა – 1:0. ფრანგების პოლონელმა შემტევმა სამ წუთში დუბლი შეასრულა და „მარსელმა“ ტაიმი 2:0 მოიგო.
მეორე ტაიმში ფრაგები თამაშს აკონტროლებდნენ და „ყარაბაღის“ საჯარიმოში სახიფათო მომენტი ბევრჯერ შეიქმნა. გუგეშაშვილს რამდენჯერმე მოუხდა თამაშში ჩართვა, თუმცა „მარსელმა“ მესამეც გაიტანა. 85-ე წუთზე აზერბაიჯანულმა კლუბმა კადის გოლით (85) სხვაობა შეამცირა, მაგრამ 90+2-ე წუთზე დიმიტრი პაიემ გუგეშაშვილის კარი მესამედ აიღო.
ფრანგებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს (3:1) განმეორებით შეხვედრამდე, რომელიც 24 თებერვალს ბაქოში გაიმართება.