გუგეშაშვილი, სავარაუდოდ, „გენტთან“ პლეი-ოფში ითამაშებს - „ყარაბაღმა“ მთავარი მეკარის შემცვლელი ვერ იპოვა #1TVSPORT
ლუკა გუგეშაშვილი ერთ-ერთი კანდიდატია, ვინც აგდამის „ყარაბაღის“ კარს დაიცავს კონფერენს ლიგის პლეი ოფში ბელგიურ „გენტთან“, – ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემები ავრცელებენ.
საქმე ისაა, რომ აგდამის „ყარაბაღის“ მთავარი მეკარე შახრუდინ მაგომედალიევი ტრავმირებულია, მარტის ბოლომდე ვერ ითამაშებს და აზერბაიჯანის ჩემპიონს კონფერენს ლიგის პლეი ოფის მატჩში ბელგიურ „გენტთან“ ვერ დაეხმარება.
აზერბაიჯანული გამოცემის, 1news-ის მტკიცებით, „ყარაბაღმა“ ახალი მეკარის ძებნა დაიწყო, რადგან ქართველ მეკარეს ბოლომდე ვერ ენდობოდა.
„2 თებერვალი უეფა-ში განაცხადის შეტანის ბოლო ვადა იყო. ლუკა გუგეშაშვილის აშკარად სუსტი თამაშის გათვალისწინებით, „ყარაბაღი“ მეკარეს ეძებდა, მაგრამ შახრუდინის შემცვლელი ვერ იპოვა და ახლა იძულებული გახდება, ათამაშოს გუგეშაშვილი ან ახალგაზრდა ამინ რამაზანოვი“, – წერს გამოცემა.
აზერბაიჯანის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი მეკარე ალექსანდრე ჟიდკოვი კი საერთო აზრს არ ეთანხმება და ამტკიცებს, რომ ქართველ კიპერს ნდობა სჭირება:
„გადაწყვეტილება გურბან გურბანოვმა და მეკარეების მწვრთნელმა, ელხან ჰასანოვმა უნდა მიიღონ. პირადად მე არ გავრისკავდი რამაზანოვის დაყენებას. ლუკა გუგეშაშვილი უკვე ერთი წელია გუნდშია, მას ჩემპიონატშიც ენდობიან. ვფიქრობ, ქართველ მეკარეს შანსი უნდა მიეცეს. დიახ, ეს ასევე სარისკოა, მაგრამ ის უკვე გუნდს შეეგუა და თანაგუნდელებს უკეთ იცნობს“.
კონფერენს ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩი აგდამის „ყარაბაღსა“ და ბელგიურ „გენტს“ შორის 16 თებერვალს ბაქოში გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი ერთი კვირის შემდეგ – ბელგიაში.