საფეხბურთო მენეჯერმა გუგა კაჭახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ საქართველოს ნაკრების მცველის, ლუკა ლოჩოშვილმა იტალიაში გადასვლაზე, მისი სააგენტოს საქმიანობასა და მიზნებზე ისაუბრა.
„ჩვენ ვცდილობთ, ფეხბურთელს სწორ გზაზე დადგეს და განავითაროს კარიერა. ამას ერთად ვგეგმავთ და შემდეგ განხორციელებას ვცდილობთ. მათ შორის, ენის სწავლაც იგულისხმება. მარტო გადასვლა არ არის საკმარისი, სოციალური ადაპტირებაც საჭიროა. ჩემთან და მახო მუსერიძესთან ერთად არის გიორგი ფოფხაძე, რომელიც ჩვენი სააგენტოს ფეხბურთელი იყო.
ვცდილობთ, ფეხბურთელები კლუბამდე მივიყვანოთ, მაგრამ იქ ყველაფერს ფეხბურთელი წყვეტს, რომელმაც თავად უნდა მოაგვაროს მწვრთნელთან ურთიერთობა და ბევრი სხვა პრობლემა. ლუკასთან (ლოჩოშვილი) ერთად დავგეგმეთ, რა უნდა გაგვეკეთებინა და საბედნიეროდ, სასურველ ადგილზე მივედით. ჩვენს სააგენტოსთან თანამშრომლობენ არა მხოლოდ კარგი სპორტსმენები, არამედ, კარგი ადამიანები – საბა ლობჟანიძე, გიორგი ხარაიშვილი, ლუკა ზარანდია, გურამ გიორბელიძე, დავით სხირტლაძე, დავით კობოური, ლუკა ლოჩოშვილი – ბევრი ფეხბურთელია. მათ უმრავლესობასთან ურთიერთობა 16-17 წლიდან დავიწყეთ და დღემდე მოვდივართ. ფოფხაძის შემთხვევა მაგალითია, ფეხბურთელი იყო, ვთანამშრომლობდით და ახლა სააგენტოს საქმიანობაში გვერდით გვიდგას.
ლუკა პარკაძე „ბაიერნში“ როგორ მოხვდა? ვცდილობთ, ინფორმაცია უცხოელ პარტნიორებს მივაწოდოთ. ლუკა შოტლანდიაში 17-წლამდელების შესარჩევზე შენიშნეს. სხვებიც მოეწონათ, მაგრამ ეს მოლაპარაკება უფრო სწრაფად განვითარდა. დაკვირვებას ექვსი თვიდან ერთი წლამდეც კი სჭირდება, მაგრამ შემდეგ ინტენსიური ინტერესი იყო, შვეიცარიაშიც დააკვირდნენ.
გერმანიაში ჩავედით. ზოგადად, გერმანელები სწრაფად გადაწყვეტილებას არ იღებენ, მით უფრო, როდესაც საქმე არაევროკავშირელს ეხება. მგონი, უპრეცედენტო შემთხვევაა, არც ბრაზილიელი და არც აფრიკელი და ზოგადად, არაევროკავშირელი ფეხბურთელი არ მახსენდება, რომელსაც „ბაიერნში“კონტრაქტი 17 წლის ასაკში გაუფორმეს. პარკაძეს კი გაუფორმეს.
ტრავმების გამო კიტეიშვილმა წელიწადი ვერ ითამაშა სრულყოფილად. ეს ძალიან მოქმედებს სატრანსფერო საკითხებზე და სპორტული კუთხითაც, ნორმალურად რომ იასპარეზოს. თუმცა, მაინც მგონია, რომ ეს ის წელი იქნება, როდესაც კიტეიშვილი გუნდს გამოიცვლის – შესაძლოა, ზამთრის სატრანსფერო „ფანჯარაში“, უფრო – ზაფხულში. მთავარია, ჯანმრთელად იყოს“.