გუცაევი ბელარუსთან მატჩის გადადებამ გაახარა - იმედია, „ტაიმაუტში“ ჩვენს საყვარელ ტელემაყურებელს მალე შევხვდებით
გუცაევი ბელარუსთან მატჩის გადადებამ გაახარა - იმედია, „ტაიმაუტში“ ჩვენს საყვარელ ტელემაყურებელს მალე შევხვდებით

ვლადიმერ გუცაევი უეფა-ს საგანგებო ვიდეოკონფერენციაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს, მათ შორის, საქართველო-ბელარუსის თამაშის გადატანაზე დადებითად აფასებს – მან ეს საქართველოს პირველი არხთან ინტერვიუში განაცხადა.

ამავე დროს, თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული თავდამსხმელი და საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტის“ თანაწამყვანი იმედოვნებს, რომ გადაცემაში მაყურებელს მალე შეხვდება, საზოგადოებას კი ექიმების რეკომენდაციების დაცვას ურჩევს.

– როგორ შეაფასებთ უეფა-ს ვიდეოკონფერენციის შედეგებს?

– ამ ვიდეოკონფერენციას ევროპის ქვეყნები ელოდნენ, რადგან კორონავირუსის შემდეგ, ყველაფერი აირ-დაირია და არავინ იცოდა, რა გაეკეთებინა. ეს ეხებოდა როგორც ჩემპიონთა და ევროპის ლიგებს, ასევე ლოკალურ ჩემპიონატებს. კარგია, რომ ცოტა რამ მაინც გაირკვა. ეს ეხება უპირველესად ევრო2020-ის გადადებას, რა თქმა უნდა, ეს მისასალმებელია. ამ დროისთვის ყველა ნაკრები ნორმალურად მოემზადება და აჩვენებს თავის რეალურ შესაძლებლობებს. იმიტომ, რომ გაურკვეველ ვითარებაში არავინ იცის, გუნდი როგორ მოამზადოს და საერთოდ, რა ქნას.

– რაც შეეხება ყველა ჩვენგანისთვის მთავარ საკითხს – 26 მარტს დანიშნული ერთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი საქართველოსა და ბელარუსს შორის გადაიდო.

– ეს ძალიან კარგია. მე რამდენჯერმე ვთქვი, რომ უმაყურებლოდ ბელარუსთან თამაში ჩვენთვის, ალბათ, მომგებიანი არ იქნებოდა. მაყურებლის დიდი ზეგავლენის ფაქტორი ყველამ ვიცით, მით უფრო მე, რადგან „დინამო-არენაზე“ მითამაშია. კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როდესაც გულშემატკივარი გვერდზე გიდგას და მეორეა, როდესაც უმაყურებლოდ თამაშობ. ძალიან კარგია მატჩის გადატანა იმის გამოც, რომ უკვე ნორმალურად, დაწყნარებულად და მთელი კონცენტრაციით მოვემზადებით და ვაჩვენებთ კარგ თამაშს – ყველას ამის იმედი გვაქვს, რომ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ფინალში გავა.

– არის აზრი, რომ ჩემპიონატების ლიდერები ჩემპიონებად გამოაცხადონ. ამაზე რას ფიქრობთ?

– ამას ნამდვილად არ ვემხრობი. მართალია, „ლივერპული“ კონკურენტებს დიდი უპირატესობით ასწრებს, მაგრამ იტალიაში „იუვენტუსი“ პირველ ადგილზეა, მაგრამ „ლაციო“ ქულით ჩამორჩება და ტურინელებისთვის ოქროს მედლების გადაცემა გაუმართლებელია. ჩემპიონატის დიდი ნაწილია დარჩენილი და ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. იგივე ვითარებაა პორტუგალიაში, სადაც „ბენფიკას“ და „პორტუს“ შორის სხვაობა ასევე ქულაა. ასეთი მდგომარეობა კიდევ ბევრ ქვეყანაშია. ჯობია, ეს ჩემპიონატები ჩაშალონ, ვიდრე პირველადგილოსანი ასეთი არასპორტული გზით შეარჩიონ.

– რაც შეეხება „ტაიმაუტს“ – გადაცემამ გულშემატკივრებში დიდი პოპულარობა მოიპოვა. სამწუხაროდ, უსაფრთხოების ზომების გამო გადაცემაში იყო შეფერხება. ეთერში როდის გიხილავთ?

– ბოდიშს ვუხდი მაყურებელს, რადგან თავადაც მოლოდინში ვარ. მიმაჩნია, რომ ეს მართლაც ძალიან საინტერესო გადაცემაა და ძალიან საინტერესო სტუმრები გვყავდა. მაგრამ ექიმების რეკომენდაციები აუცილებლად უნდა გავითავლისწინოთ. დღეს კი ასეთი რეკომენდაციაა, რომ მოვერიდოთ გარეთ გასვლას, ხალხმრავლობას, სადაც ხალხთან მეტი შეხებაა. იცით, რომ ევროპაში და მთელს მსოფლიოში ყველაფერი იკეტება, ოფისები, კომპანიები… მარტო ამ კონკრეტულ ვითარებაში სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები მუშაობს – მაღაზიები, აფთიაქები და საავადმყოფოები. ვწუხვარ, „ტაიმაუტის“ დროებითი შეჩერების გამო, მაგრამ მოლოდინში ვარ და იმედი მაქვს, რომ ჩვენს საყვარელ ტელემაყურებელს მალე შევხვდებით.

და ბოლოს, პირადად მე ყველას ვურჩევდი, რომ გარეთ არ გახვიდეთ, ერთი-ორი კვირა სახლში დარჩით და იყავით ოჯახის წევრებთან ერთად, ეს ჩვენივე უსაფრთხოებისთვის აჯობებს.