ნოვაკ ჯოკოვიჩისა და როჯერ ფედერერის შემდეგ, თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა მადრიდის მასტერსზე მსოფლიოს მეორე ჩოგანმა რაფაელ ნადალმა. მას ახალი თაობის წარმომადგენელთან, კანადელ ფელიქს ოჟე-ალიასიმთან უწევდა შეხვედრა. 18 წლის კანადელმა, რომელიც მსოფლიოს 30-ე ჩოგანია, ვერ შეძლო ესპანელისთვის დიდი წინააღმდეგობის გაწევა.
ნადალმა პირველ სეტში მხოლოდ ოთხი გათამაშება დათმო საკუთარ გეიმებში, მერვე გეიმში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, რომელიც გამოიყენა და შემდეგ სეტზე ჩააწოდა.
მეორე სეტში რაფა კიდევ უფრო დიდ უპირატესობას ფლობდა, ორი ბრეიკით 5:2 დაწინაურდა, მაგრამ მატჩზე ვერ ჩააწოდა – მერვე გეიმში ოჟე-ალიასიმმა მატჩში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, შეძლო მისი გამოყენება და ანგარიშის შემცირება. კანადელი მომდევნო გეიმშიც გაუძალიანდა “გრუნტის მეფეს”. ნადალმა ხუთი მატჩბოლი გაანიავა და მხოლოდ მეექვსე ცდაზე შეძლო მიზნის მიღწევა. ესპანელმა საათსა და 39 წუთში 6:3, 6:3 მოიგო.
მერვედფინალში ნადალი ამერიკელ ფრენსის ტიაფოს შეხვდება, რომელმაც პირველ წრეში სამ სეტში მოუგო ქართველ ნიკოლოზ ბასილაშვილს.