გრიზმანის მამამ სეტიენს მიმართა - რომ ილაპარაკო, სატვირთო მანქანის გასაღები უნდა გქონდეს, შენ კი მხოლოდ მგზავრი ხარ
„ბარსელონაში“ შეიძლება გრანდიოზული სკანდალი აგორდეს. კლუბის ფორვარდ ანტუან გრიზმანის მამამ, ალენ გრიზმანმა მკვეთრი განცხადება გააკეთა „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელის, კიკე სეტიენის მისამართით.
ამ უკანასკნელმა „ატლეტიკოსთან“ (2:2) მატჩის შემდეგ ახსნა, თუ რატომ იღებს გრიზმანი მცირე სათამაშო დროს: „არ ვაპირებ მისთვის ბოდიშის მოხდას. სუარესი ყოველთვის უნდა იყოს მოედანზე, ასევე ლეოც. რთულია მოუძებნო ადგილი გრიზმანს ისე, რომ შემადგენლობის დესტაბილიზაცია არ მოხდეს“.
სეტიენის ამ სიტყვების შემდეგ, გრიზმანის მამამ ასე უპასუხა მწვრთნელს: „იმისთვის, რომ შენი აზრი გამოთქვა, სატვირთო მანქანის გასაღები უნდა გქონდეს, შენ კი მხოლოდ მგზავრი ხარ“.
ბოლო სრული მატჩი „ბარსელონაში“ გრიზმანმა 16 ივნისს ჩაატარა, როცა კატალონიურმა კლუბმა „ლეგანესის“ (2:0) წინააღმდეგ ითამაშა. შემდეგ იყო 14 წუთი „სევილიასთან“ (0:0), 65 წუთი „ბილბაოსთან“ (1:0) და 10 წუთი „სელტასთან“ (2:2). „ატლეტიკოსთან“ მატჩში გრიზმანი მოედანზე 90-ე წუთზე შევიდა.
„ატლეტიკოსთან“ თამაშის შემდეგ, აღშფოთება ასევე ვერ დამალა ფეხბურთელის ძმამ, ტეომ, რომელმაც „ტვიტერზე“ დაწერა: „ორი წუთი… ტირილი მინდა“. მოგვიანებით, ტეომ ეს „ტვიტი“ წაშალა.
გრიზმანი „ბარსელონაში“ გასული წელს 120 მილიონ ევროდ გადავიდა „ატლეტიკოდან“. ამ სეზონზე ფრანგმა კატალონიელთა რიგებში 32 მატჩი ჩაატარა, რვა გოლი გაიტანა და ხუთი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.