გია გრიგალავა რუსეთის პრემიერლიგაში ბრუნდება – 32 წლის ქართველმა მცველმა კონტრაქტი „ხიმკისთან“ გააფორმა. საქართველოს პირველი არხის ცნობით, გრიგალავამ პრემიერლიგის გუნდთან ხელშეკრულება წლის ბოლომდე გააფორმა.
საქართველოს ნაკრებში ნათამაშები მცველი 2021 წლის ზაფხულის შემდეგ უკლუბოდ იყო დარჩენილი. მას ტულას „არსენალთან“ კონტრაქტი დაუსრულდა. გუნდმა მას ახლის გაფორმება შესთავაზა, მაგრამ მოსკოვის ცსკა-სთან მატჩის შემდეგ, მეტოქის მწვრთნელ ვასილი ბერეზუცკისთან კონფლიქტის გამო ყველაფერი შეიცვალა.
გრიგალავა „ხიმკისთან“ ერთად ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე გაემგზავრა იმის მიუხედავად, რომ მცირე ტრავმა ჰქონდა. მერე მომჯობინდა და გუნდის ფორმით შეკრებაზე თითქმის ყველა საკონტროლო მატჩი ჩაატარა. ბოლოს კუნთი დაიზიანა, თუმცა, გუნდს მისი დამატება სურდა და კონტრაქტი მაინც გაუფორმეს.
შეგახსენებთ, რომ გია გრიგალავა რუსეთის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ, 2009 წელს საქართველოს სახელით თამაში გადაწყვიტა.