დოჰაში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს 73კგ წონით კატეგორიაში მეორე გამარჯვება მოიპოვა მოქმედმა ჩემპიონმა, ტატო გრიგალაშვილმა. ქართველი ტაჯიკ რიზოევს ვაზარით უგებდა, როდესაც მეტოქემ აკრძალული ილეთით თავზე გადაიარა და, მსაჯების გადაწყვეტილებით, ტურნირიდან მოიხსნა.
ტატოს მეტოქე მეოთხედფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილი იქნება. ამ წონაში გამომსვლელი იაპონელი ტაკანორი ნაგასე B ჯგუფში ასპარეზობს და, შესაძლოა, ტატოს 1/2-ფინალში შეხვდეს. გრიგალაშვილის პრინციპული მეტოქე, ბელგიელი მატიას კასე კი C ჯგუფში წარმატებულად გამოდის.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მედალი აქვს მოპოვებული. ტურნირის პირველ დღეს 19 წლის გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
დღევანდელი წინასწარი შეხვედრები 11:30 საათზე დაიწყო, ხოლო ფინალური ბლოკი 19:00 საათიდან გაიმართება.