ძიუდო | გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალშია, შავდათუაშვილი და ჭანტურია მერვედფინალში იასპარეზებენ [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ექვსი ქართველი ჭიდაობდა, რომელთაგან სამი ძიუდოისტი წარმატებულად ასპარეზობს. ტურნირზე ორი შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალშია მსოფლიოს და ევროპის მოქმედი ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81კგ). გამარჯვებები მოიპოვეს ასევე ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ) და მარიამ ჭანტურიამ (70კგ), რომლებიც შეჯიბრების მერვედფინალში იჭიდავებენ.

დღეს გამომსვლელი სამი სპორტსმენი – გიორგი ტერაშვილი (73კგ), ეთერ ასკილაშვილი (63კგ) და ნინო გულბანი (70კგ) ევროპის ჩემპიონატს ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

შეგახსენებთ, რომ კონტინენტის ჩემპიონატის პირველი დღე საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა. წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 14:30 საათზე დაიწყო, ხოლო 19:00 საათიდან ფინალური ბლოკის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

2022 წელს ევროპის ჩემპიონატს ბულგარეთის დედაქალაქმა სოფიამ უმასპინძლა, საქართველოს ნაკრებმა კი ორი ოქროსა და ორი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) და ლუკა მაისურაძე (90 კგ) გახდნენ, ბრინჯაოს მედლებს კი გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) დაეუფლნენ.