2019 წლის მსოფლიო თასის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება და სარაგბო გამოცემები 20 მონაწილე გუნდის მიზნებსა და შესაძლებლობებს განიხილავენ.
„რაგბი365“-მა (Rugby365) „ბორჯღალოსანთა“ შერკინებას და მის ინგლისელ მწვრთნელ გრეემ რაუნთრის სპეციალური სტატია მიუძღვნა, რომლის თარგმანსაც ქვევით გთავაზობთ:
„შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ საქართველო 2019 წლის მსოფლიო თასს ვერ მოიგებს, თუმცა მათი შერკინების ინგლისელი მწვრთნელის, გრეემ რაუნთრის თქმით, ისინი საკუთარი კვალის დატოვებას აპირებენ.
„ზოგიერთი ადამიანის დაშინება გვინდა“, – ამბობს რაუნთრი „ეი ეფ ფი“-სთან (AFP) საუბარში და განაგრძობს – „გვსურს საკუთარი თავი ტოპ-მაგიდასთან წარმოვაჩინოთ“.
„2015 წელს ორი თამაში მოვიგეთ, რითაც წლევანდელ მსოფლიო თასზე თამაში გავინაღდეთ და ახლაც იგივეს გამეორებას ვგეგმავთ. ჯგუფში გვყავს უელსი და ავსტრალია, რომლებთან თამაში ძალიან რთული იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ ურუგვაი და ფიჯი უნდა დავამარცხოთ“.
ნათელია, რომ 3 ოქტომბერს ფიჯისთან გასამართი შეხვედრა ქართველებისთვის მსოფლიო თასის ფინალის ტოლფასი იქნება:
„ადვილი არ იქნება. ფიჯიმ ივლისში ახალზელანდიელი „მაორები“ დაამარცხა“, – ამბობს რაუნთრი.
გუნდის მეოთხედფინალში გამოჩენა ნაკლებად რეალური ჩანს, თუმცა უნდა ველოდოთ ქართველი ფორვარდების აღლუმს და მორიგ წინგადადგმულ ნაბიჯს.
შარშან სექტემბერში რაუნთრის საქართველოს ნაკრებში დანიშვნა მოულოდნელობა იყო. ინგლისისა და „ლესთერის“ ყოფილ მორაგბეს, 1995 და 1999 წლების მსოფლიო თასის მონაწილეს, შვიდწლიანი წარმატებული სამწვრთნელო კარიერა ჰქონდა ინგლისის ნაკრებში, ასევე „ჰარლექუინსსა“ და „ლესთერში“.
„სექტემბერში მივიღე შეთავაზება, რის შემდეგაც მილტონ ჰეიგთან ერთად ვიჯექი რიჩმონდის სასტუმროში, დანარჩენი კი ისტორიაა“.
„მან წარმომიდგინა თამაშის ძალიან კარგი სტრუქტურა, სისტემა და რწმენა. მან ოჯახი საცხოვრებლად თბილისში გადაიყვანა და საქართველოს ნაკრებში მთელი ცხოვრება ჩადო. სისტემა, რომელიც მან შვიდი წლის წინ შეიმუშავა, პროფესიულია, იმ პირობებისა და მიღწევების გათვალისწინებით, რომელთაც ტიერ1-ის ქვეყნებში წააწყდებით“.
კონტრაქტის გაფორმების პირველსავე დღეებში რაუნთრი საფრანგეთში გაემგზავრა, სადაც ტოპ 14-ში იმდენივე ქართველი მორკინალი თამაშობს, რამდენი ფიჯელი უკანახაზელიცაა.
„რაგბი მათი თამაშია“, – ამბობს რაუნთრი, რომელიც მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ ირლანდიურ „მანსთერს“ შეუერთდება – „ქართველები რაგბისთვის არიან შექმნილი. ეს კონტაქტური სპორტია. მათ ასევე უყვართ ჭიდაობა. ქართველებს მოსწონთ ძალისმიერი, ფიზიკური ორთაბრძოლები და მათთან მუშაობა ადვილია. ქართველები გამორჩეულად კარგი ადამიანები არიან. იქაური გარემო განსხვავდება მათგან, რა გარემოშიც აქამდე მიმუშავია. მორიდებული, შრომისმოყვარე ხალხია და აკეთებენ ყველაფერს, რასაც სთხოვ“.
რაგბის სამყარო მიჩვეულია მძლავრი ქართველი ბურჯების ხილვას, თუმცა რაუნთრი განსაკუთრებით მოხიბლულია ახალგაზრდა და დინამიკური მესამეხაზელებით:
„ბექა გორგაძეს „ბორდოში“ შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. ის გამორჩეულად ნიჭიერი 8 ნომერია. გარდა ამისა, გვყავს კიდევ ერთი ბექა (საღინაძე), რომელიც „ორიაკში“ თამაშობს და ოთარ გიორგაძე „ბრივიდან“, რომელიც შერკინების მესამე ხაზში ფეთქებადი მორაგბეა“.
ახალგაზრდა თავდამსხმელებს იმედს მისცემს გუნდში მამუკა გორგოძის ყოფნა – 35 წლის ვარსკვლავის, რომელიც საერთაშორისო პენსიიდან იმის გამო დაბრუნდა, რომ პრობლემები აღმოფხვრას.
რაუნთრი და ჰეიგი იმედოვნებენ, რომ გორგოძე ახალგაზრდებს მსოფლიო თასზე ინტენსივობის გაზრდაში დაეხმარება:
„მსოფლიო თასი წნეხია, მოლოდინს მოედანზე გამართლება უნდა და საკუთარი თავისგან მაქსიმუმი უნდა მიიღო. ასევე მნიშვნელოვანია სიამოვნება. მისი მიღება იშვიათადაა შესაძლებელი და ძალიან მალე სრულდება“.
წყარო – საქართველოს რაგბის კავშირი