გრანიტ ჯაკა „არსენალის“ ახალი კაპიტანია, გულშემატკივრები უკმაყოფილონი არიან
უნაი ემერიმ „არსენალის“ ახალ კაპიტნად გრანიტ ჯაკა დაასახელა, მას შემდეგ რაც გუნდის შიგნით ჩატარებულ კენჭისყრაში შვეიცარიელმა ყველაზე მეტი ხმა მიიღო.
ამ ამბავს გულშემატკივრები საკმაოდ ცუდად შეხვდნენ, რადგან, როგორც ჩანს, ჯაკას მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულება არსებობს. გასულ კვირას, როდესაც ლონდონელები „ასტონ ვილას“ ეთამაშებოდნენ, შვეიცარიელ ფეხბურთელს საკუთარი ფანები უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდნენ.
გარდა ამისა, ბრიტანულ ვებ-გვერდ „სკაი სპორტზე“ დამოუკიდებელი გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც გულშემატკივართა უმეტესობამ (30%) სასურველ კაპიტნად რობ ჰოლდინგი დაასახელა, მეორე-მესამე ადგილებს პიერ-ემერიკ ობამეიანგი და დავიდ ლუისი იყოფენ 15-15 პროცენტით, გრანიტ ჯაკამ კი სულ რაღაც 4% მოაგროვა.
მიუხედავად ამისა, უნაი ემერის იმედი აქვს, რომ ჯაკა ფანების კეთილგანწყობას მოიპოვებს.
მომდევნო მატჩს „არსენალი“ სტუმრად „მანჩესტერ იუნაიტედთან“ გამართავს. თამაში ორშაბათს, 30 სექტემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.