„გრანადასთან“ ზედმეტი მოლოდინის წინააღმდეგი ვარ - „ლოკომოტივის“ მწვრთნელმა მეტოქე დაახასიათა
„გრანადასთან“ ზედმეტი მოლოდინის წინააღმდეგი ვარ - „ლოკომოტივის“ მწვრთნელმა მეტოქე დაახასიათა

„არ მინდა, ხალხს „გრანადასთან” მატჩამდე არასწორი მოლოდინი შეექმნას,” – ეს საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ თბილისის „ლოკომოტივის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა განაცხადა.

ახალგაზრდა სპეციალისტის თქმით, ევროპალიგაზე გუნდის გამოსვლა მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა:

„ძალიან შორს ვართ იმ გუნდისგან, რომლის შენებაც დავიწყეთ. საერთოდ, ჯერ ჩვენი თამაშიც ვერ ვიპოვეთ. ეს ორი მატჩი იყო გამონაკლისი. „უნივერსეტატიასთან“ და მოსკოვის „დინამოსთან“ ფეხბურთელები საკუთარ თავს გადაახტნენ და 100 პროცენტზე მეტი გააკეთეს. თუმცა ასეთი მატჩი ბევრი არ იქნება. დღეს წერენ, რომ ესპანეთში „ლოკომოტივის“ იმედი აქვთ. მადლობა ამ ადამიანებს, ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით. ჯერ გუნდის შენება დაწყებულიც არაა, შენებას კი წლები დასჭირდება. ამიტომაც არ მინდა, ორ მოგებას ზედმეტი მოლოდინი მოჰყვეს“.

მან ესპანურ „გრანადაზე“ ილაპარაკა, რომელსაც „ლოკომოტივი“ ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე 24 სექტემბერს სტუმრად შეხვდება.

„მოსაგებად ყველაფერს გავიღებთ, მაგრამ ძალიან მცირეა მოგების შანსი, რადგან „გრანადა“ ძლიერი გუნდია. ლა ლიგაში მე-6 ადგილზე გავიდა, წელს კი ჩემპიონატში ორივე მატჩი მოიგო. ამის გათვალისწინებით ხალხს მოგებას როგორ შევპირდე? ჩვენზე ბევრად ძლიერ გუნდს ვხვდებით – წინა ორი მოწინააღმდეგე და ჩვენ რომ გავერთიანდეთ, შემსრულებლებით ერთი „გრანადა“ მაინც არ გამოვა. ჩავალთ, ყველაფერს გავიღებთ, ვითამაშებთ ლაღად და შევეცდებით, ყველანაირი მორიდების გარეშე, თამამი ფეხბურთი ვითამაშოთ. რაც გამოვა, გამოვა,“ – აცხადებს ჭიაბრიშვილი.