გოშთელიანმა მთავარ კონკურენტთან დუბლი შეასრულა - ქართველმა თავდამსხმელმა სამ მატჩში ხუთჯერ გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

გურამ გოშთელიანმა ბულგარეთის ჩემპიონატის პირველ ლიგაში დუბლი ზედიზედ მეორედ შეასრულა და დიდი როლი ითამაშა ბლაგოევგრადისპირინის“ წარმატებაში, რომელმაც საშინაო შეხვედრაში უშუალო კონკურენტი სოფიას „ლოკომოტივი“ გაანადგურა.

ქართველი თავდამსხმელი „პირინის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და ანგარიში მეხუთე წუთზე გახსნა. 22 წლის თავდამსხმელმა ფლანგური გადაცემის დროს მცველს დაასწრო და ზუსტად დაარტყა. მე-13 წუთზე კი გოშთელიანმაპირინის“ უპირატესობა გაზარდა. მეკარის მოგერიებულ ბურთზე მცველს დაასწრო და ახლოდან გაიტანა.

საბოლოოდ, ბლაგოევგრადისპირინიმ“ კონკურენტი დიდი ანგარიშით დაამარცხა – 5:1, 52 ქულა დააგროვა და პირველ დივიზიონში გალიდერდა, „ლოკომოტივი“ კი სამი ქულით ჩამოიშორა. გოშთელიანი აშკარად კარგ ფორმაშია. ქართველმა თავდამსხმელმა ბოლო სამ მატჩში ხუთი გოლი გაიტანა და გუნდის გალიდერებაში დიდ როლი ითამაშა.

ქართველმა თავდამსხმელმა მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ანგარიშის მიუხედავად, მატჩი რთული გამოდგა.

„ჩვენთვის შეხვედრა რთული და ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ჩვენ კარგად ვითამაშეთ და გუნდით ვამაყობ. ყველაფერი ისე გავაკეთეთ, რაც მწვრთნელმა დაგვავალა და ისე ჩანდა, რომ მარტივად მოვიგეთ. ამ დროს, დიდი ანგარიშით მოგება იოლი არ ყოფილა, რადგან კონკურენტს ვხდებოდით, რომელიც ძლიერი მეტოქეა“, – თქვა ქართველმა თავდამსხმელმა.