გურამ გოშთელიანმა ბულგარეთის ჩემპიონატში თავი გამოიჩინა, მისი გუნდი, ბლაგოევგრადის „პირინი“ გორნა-ობრაჰოვიცას „ლოკომოტივს“ შეხვდა და დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა.
„პირინმა“ მეტოქეს ბლაგოევგრადში ბულგარეთის ჩემპიონატის მეორე ლიგის 24-ე ტურის მატჩში უმასპინძლა. 22 წლის ქართველი თავადმსხმელი მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო და დუბლი შეასრულა. პირველად „ლოკომოტივის“ კარი 33-ე წუთზე დამატებაზე გაიტანა. მეორედ ეს 53-ე წუთზე მოახერხა – ეს ძალიან ეფექტური გოლი იყო, ბურთი საჯარიმოში კარისგან ზურგით მდგომმა მიიღო, მცველი მოატყუა და მეკარეს ახლო კუთხეში გაუტანა.
„პირინმა“ 26 ტურის შემდეგ 49 ქულა დააგროვა და ჩემპიონატის ფინიშამდე 6 ტურით ადრე სამი ქულით გაუსწრო სოფიას „ლოკომოტივს“, ხოლო მესამეადგილოსან „სვოგეს“ – 10 ქულით და თუ რამე სასწაული არ მოხდება, ბულგარეთის მთავარ საფეხბურთო ლიგაში დაბრუნდება.
გურამ გოშთელიანი ახალ გუნდში 2020 წელს ჩაირიცხა. მან ბულგარეთის მეორე ლიგაში 7 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. მაგრამ თავიდან მას მხოლოდ წუთებს ათამაშებდნენ, სასტარტო თერთმეტეულში პირველად მოხვდა და თავი მშვენიერი თამაშით გამოიჩინა.