გოშთელიანი „საბურთალოში“ დაბრუნებას არ გამორიცხავს - ფინალში ჩემი ყოფილი გუნდის წარმატების მჯერა #1TVSPORT
„საბურთალოს“ აღზრდილი და ყოფილი კაპიტანი გურამ გოშთელიანი ბოლოს ბულგარეთის „პირინში“ ასპარეზობდა, მაგრამ რამდენიმე კვირის წინ დატოვა ევროპული კლუბი. მან კვირის წინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გუნდს დაემშვიდობა.
რა გახდა ამის მიზეზი? ამის შესახებ 23 წლის თავდამსხმელმა გულახდილად ისაუბრა და არ დამალა, რომ ბულგარეთი უსამართლო მიდგომის გამო დატოვა.
„წამოსვლის რამდენიმე მიზეზი იყო, ასე დეტალებში არ შევალ. თუმცა, ვიტყვი, რომ, როგორც ლეგიონერი, ბევრი უსამართლობა ვნახე. რასაც ჩემი შრომით ვიმსახურებდი, იმის ნახევარსაც არ ვიღებდი – საუბარი მაქვს სათამაშო დროზე. იყო პერიოდი, როდესაც ტრავმა ახალი მოშუშებული მქონდა, სასურველ ფორმაში არ ვიყავი და პრეტენზიას არც გამოვთქვამდი. თუმცა ბოლო დროს ფორმა აღვიდგინე და მეტ ნდობას ვიმსახურებდი. თუმცა არაუშავს, ჯერ ისეთ ასაკში ვარ, რომ მაღალ დონეზე თამაში შემიძლია და ჩემ გზას ვიპოვი“, – ამბობს გოშთელიანი.
„საბურთალოს“ ყოფილმა ფეხბურთელმა საქართველოს თასის ნახევარფინალური მატჩი გაიხსენა, სადაც მისმა ყოფილმა კლუბმა ბათუმის „დინამო“ 2:1 დაამარცხა და ფინალში გავიდა.
„ჩემი ყოფილი გუნდის თითქმის ყველა თამაში ვნახე. საინტერესო და დაძაბული მატჩი იყო. გაიმარჯვა იმან ვინც უკეთესი იყო. ვულოცავ „საბურთალოს“ ფინალში გასვლას! მჯერა ამ გუნდის წარმატების. საერთოდ, სასიამოვნოა, რომ ჩვენს ჩემპიონატში ნიჭიერი და საინტერესო ახალგაზრდები გამოჩნდნენ. ასევე, კარგი ფაქტია, რაც ბათუმში ხდება. ვისარგებლებ შემთხვევით და ბათუმის „დინამოს“, ჩემს მეგობრებს, რომლებიც „საბურთალოში“ თამაშობდნენ, ჩემპიონობას ვულოცავ“.
მან საქართველოს თასის მოახლოებულ ფინალზეც ილაპარაკა – 8 დეკემბერს ქუთაისში „საბურთალო“ „სამგურალს“ დაუპირისპირდება.
„ბოლო წლებში „საბურთალო“ მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძვის და ტიტულს იგებს. „საბურთალოს“ ფინალში გასვლა არც გამკვირვებია. ყოველწლიურად გუნდი კარგ შევსებას იღებს აკადემიიდან, რომელიც კარგად მუშაობს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. დარწმუნებული ვარ „საბურთალოს“ გამარჯვებაში და ჩემი სურვილიცაა, რომ გუნდმა საქართველოს თასი მეორედ მოიგოს“.
გოშთელიანმა ყოფილ კლუბში დაბრუნება არ გამორიცხა.
„რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია. ჩვენ, ამ საკითხზე ბავშობაშიც ხშირად გვისაუბრია და მერეც, როდესაც წლები მოგვემატა. წინადადებებს განვიხილავ ევროპიდან. ვნახოთ, დრო გვიჩვენებს. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ სახლში დავბრუნდე – ამის დიდი ალბათობაა“.