გორში სტადიონი 33 პროცენტით შეივსება - საქართველო-უზბეკეთი პირველ არხზე #1TVSPORT

შვედეთთან მოგებით, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ყატარი 2022-ის შესარჩევი ეტაპი დაასრულა.  ვილი სანიოლის გუნდი წლის ბოლო მატჩს ამხანაგურად გამართავს – 15 ნოემბერს გორში უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

ქვეყანაში არსებული რეგულაციების თანახმად, საქართველო-უზბეკეთის მატჩზე სტადიონის ტევადობის 33 პროცენტის შესაბამისი გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება.

ბილეთების გაყიდვა 12 ნოემბერს, პარასკევს 15:00 საათზე დაიწყო. ყველა ბილეთის რეალიზაცია ონლაინ რეჟიმში TKT.ge-ზე მიმდინარეობს. ბილეთის ფასი 5 ლარია.

მატჩზე დასწრების მსურველებმა ბილეთთან ერთად უნდა წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტი ან 72 საათიანი ვალიდურობის PCR ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტის უარყოფითი პასუხი, ან ბოლო 6 თვის განმავლობაში კორონავირუსის გადატანის დამადასტურებელი ცნობა. ეს პირობა არასრულწლოვან პირებზეც ვრცელდება.

ქვეყანაში არსებული Covid 19-ის რეგულაციების დასაცავად და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველსაყოფად, ფეხბურთის ფედერაცია გულშემატკივრებს მოუწოდებს, რომ სტადიონზე დროულად მივიდნენ. სტადიონის შესასვლელები 15:00 საათიდან გაიღება. შიდა ტერიტორიაზე მოხვედრა მხოლოდ ბილეთზე მითითებული შესასვლელი კარით იქნება შესაძლებელი.

ამავე დროს, სტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება, ხოლო სოციალური დისტანციის დასაცავად, აუცილებელია, ყველა გულშემატკივარმა დაიკავოს ბილეთზე მითითებული ადგილი.

საქართველოსა და უზბეკეთის ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირება გორში 15 ნოემბერს 18:00 დაიწყება. თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონიდან პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.