ლიგა 3-ში ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა და საბოლოოდ გაირკვა, ვინ რომელი ადგილი დაიკავა.
საგარეჯოს „გარეჯს“ პირველი ადგილი და ლიგა 2-ის საგზური გარანტირებული ჰქონდა და ბოლო ტურის მატჩი ხობის „კოლხეთთან“ 0:1 წააგო. საგარეჯოს გუნდი რანგით მეორე ლიგაში პირველად ითამაშებს.
მეორე ადგილი გარანტირებული ჰქონდა ფოთის „კოლხეთსაც“, რომელმაც ბოლო ტურში აღარ იბრძოლა და „გორთან“ საშინაო მატჩი 2:4 დათმო. ამან გორელებს მესამე ადგილზე გასვლისა და პლეი ოფში თამაშის საშუალება მისცა, „სპაერი“ კი გზიდან ჩამოიშორა.
„ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ ჩვენი გუნდის შედეგებით. სეზონის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა თუ ეროვნული ლიგა 2-ის პლეი ოფში თამაშის უფლებას მოვიპოვებდით. თუმცა ამ ბიჭებმა, რომლის 80% ჩვენი სკოლის აღზრდილია, ეს შეძლეს და მინდა ამისთვის უდიდესი მადლობა გადავუხადო როგორც ფეხბურთელებს, ასევე მწვრთნელს და თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ კლუბში მუშაობს. ასევე მინდა გადავუხადო უღრმესი მადლობა იმ ხალხს, ვინც მთელი ეს დრო გვერდში გვედგა და გუნდის წარმატებაში უდიდესი როლი ითამაშა“, – ამბობს „გორის“ დირექტორი ბატონი გია ისიანი.
ამგვარად, ლიგა 2-ის პლეი ოფის წყვილებიც გაირკვა:
ოთხშაბათი, 16 დეკემბერი
ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 1913 13:30
თბილისი. სტადიონი „დავით პეტრიაშვილი – არენა“
გორი-მერანი (მ) 13:30
გორი. სტადიონი „ქართლი“