გორის „დილას“ მორიგი შენაძენი ლეგიონერია – გუნდის პრესსამსახურის ცნობით, ამიერიდან გორელთა ღირსებას ჰოლანდიელი ალვინ მატეუს ფორტესი დაიცავს.
ფორტესი როტერდამში დაიბადა და ამ ქალაქის ცნობილი საფეხბურთო კლუბის, ”ფეიენორდის” აკადემიაში ვარჯიშობდა, შემდეგ კი ”ნაიკის” ცნობილ აკადემიაში მიიწვიეს – თამაშობდა ”ოსში”, ”ვალვაიკში”, არნემის „ვიტესის“ დუბლშემადგენლობაში, თურქეულ ”ბოლუსპორსა” და ბერძნულ ”ვერიაში”. ბოლოს ფორტესი ჩეხეთის ბრნოს „ზბროევკაში” გამოდიოდა.
ჰოლანდიელი 23 წლისაა და ფლანგის შემტევი ნახევარმცველი გახლავთ. ფორტესი ჩეხური გუნდში ერთი წლის წინ გადავიდა, სადაც 12 თამაშში ერთი გოლი გაიტანა.
ფორტესი წარმოშობით კაბო-ვერდედან (მწვანე კონცხის კუნძულები) არის და ამ ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში თამაშის სურვილი დაადასტურა. ცნობისთვის – კაპო-ვერდე ფიფას რეიტინგში 63-ე ადგილზეა, საქართველო კი – 104.