გორის „დილას“ პორტუგალიელი რუი მოტა გაწვრთნის - გუნდში 15 ახალწვეულს ელიან #1TVSPORT
გორის „დილას“ ახალი მთავარი მწვრთნელი პორტუგალიელი სპეციალისტი რუი მოტა იქნება, რომელიც გუნდში თანამემამულე ემანუელ რიბეიროსთან ერთად იმუშავებს, – ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.
„ჩვენს კლუბს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, ამიერიდან „დილას“ 44 წლის რუი მოტა გაწვრთნის. პორტუგალიელ სპეციალისტს მთავარი მწვრთნელის ასისტენტის და მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე ნამუშევარი აქვს ისეთ კლუბებში, როგორებიცაა პორტუგალიური „ბრაგა“ და „მორიერენშე“, ვარშავის „ლეგია“, ბელგიური „სტანდარტი“ და ბრაზილიური „ვასკო და გამა“; ასევე მუშაობდა„ალკოჩეტენსესა“ და „სიბენიკის“ ასაკობრივ გუნდებში.
რუი მოტასთან ერთად კლუბში მისი ასისტენტის თანამდებობაზე იმუშავებს ასევე პორტუგალიელი სპეციალისტი ემანუელ რიბეირო. 34 წლის მწვრთნელს ასისტენტის თანამდებობაზე დონეცკის „შახტარსა“ და პოლონურ „გდანსკში“ უმუშავია“, – წერია „დილას“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.
საქართველოს პირველი არხის ცნობით, გორის „დილაში“ ახალი შემადგენლობა ჩამოყალიბდება, სადაც მთავარ როლს ლეგიონერები შეასრულებენ – კლუბში სულ 15 ახალწვეულს ელიან.