გორის „დილას“ ორი ლიდერი ტოვებს - კოვტალიუკი უკრაინაში ბრუნდება, გეილი პოლონეთში მიდის #1TVSPORT
გორის „დილას“ ორი ლიდერი ტოვებს - კოვტალიუკი უკრაინაში ბრუნდება, გეილი პოლონეთში მიდის #1TVSPORT

„დილას“ ორი ლიდერი ტოვებს, გორელთა შემადგენლობაში აღარ ითამაშებენ მიკოლა კოვტალიუკი და ტიერი გეილი, – ამის შესახებ ინფორმაციას ქართული, უკრაინული და პოლონური გამოცემები ავრცელებენ.

კოვტალიუკი სამშობლოში ბრუნდება და პოლტავის „ვორსკლაში“ ითამაშებს, ეს ინფორმაცია ჟურნალისტმა იგორ ბურბასმა გაავრცელა. სხვათა შორის, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე კოვტალიუკმა პოლტაველებს ორი გოლი გაუტანა.

„პოლტავის „ვორსკლას“ გააძლიერებს ფეხბურთელი, რომელმაც პოლტაველები ​კონფერენს ლიგიდან, ფაქტობრივად, პირადად გააგდო, საუბარია მიკოლა კოვტალიუკზე. მას გორის „დილასთან“ კონტრაქტი დეკემბერში უმთავრდება, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტის სტატუსით პოლტავაში გადავა“, – ამტკიცებს ბურბასი.

იგორ ბურბასი ადრე წერდა, რომ „დილას“ კიდევ ერთი მოთამაშით, ტიერი გეილით უკრაინის პრემიერლიგის დებიუტანტი, ჩერკასის ლნზ-ი დაინტერესდა, მაგრამ უკრაინულ კლუბს ავსტრიის, საბერძნეთისა და პოლონეთის კლუბების სახით სერიოზული კონკურენტები ჰყავს.


ukrfootball-ი


„პოლტავის „ვორსკლამ“ გამოცდილ უკრაინელ ფორვარდთან, მიკოლა კოვტალიუკთან შეთანხმებას მიაღწია, თუმცა ის უკრაინის პრემიერლიგის პირველ წრეში ვიქტორ სკრიპნიკის გუნდს ვერ დაეხმარება.

28 წლის ფორვარდი უკრაინაში საზღვარგარეთ გატარებული ექვსი წლის შემდეგ ბრუნდება. მიკოლა კოვტალიუკმა მიმდინარე სეზონში თავი გამოიჩინა გორის „დილას“ შემადგენლობაში შედეგიანი თამაშით.

უკრაინაში მიკოლა კოვტალიუკი თამაშობდა „ვორსკლაში“, კიევის „არსენალსა“ და „კოლოსში“. საზღვარგარეთ უკრაინელი ქართულ კლუბებში, ფოთის „კოლხეთსა“ და თბილისის „დინამოში“ გამოდიოდა, მათ გარდა, სლოვაკური „ზემლინისა“ და სამხრეთ კორეის „ანიანას“ ღირსებას იცავდა. Transfermarkt-ი მის ტრანსფერს 250 000 ევროდ აფასებს“.


Geo Team-ი


„კონფერენს ლიგაზე აპოელ-თან ჩატარებული მატჩი გორის „დილას“ მაისურით ბოლო იყო ტიერი გეილისთვის, ბარბადოსელი შემტევის წასვლა გადაწყვეტილია. ქართულმა კლუბმა თუ სხვა კლუბისგან უფრო სარფიანი წინადადება არ მიიღო, პოლონეთის ჩემპიონის, „რაკუვის“ შეთავაზებას დათანხმდება, რომელიც ფეხბურთლის ტრანსფერში „დილას“ დაახლოებით 1.2 მილიონ ევროს გადაუხდის. 21 წლის ბარბადოსელის ახალი კლუბი მალე გახდება ცნობილი“.


gol24.pl-ი


„21 წლის ტიერი გეილი „დილამ“ 2022 წელს უნგრული „ჰონვედიდან“ დაიმატა, ის მარცხენა ფლანგის შემტევად თამაშობს. პოლონეთის ჩემპიონი „რაკუვი“ მზადაა, მილიონ ევრომდე დახარჯოს, რათა ახალგაზრდა ტალანტი საკუთარ შემადგენლობაში იხილოს“.