გორის „დილას“ მწვრთნელი - „ვორსკლა“ ძალიან კარგი გუნდია, უკრაინელებთან თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევაა #1TVSPORT
გორის „დილას“ მწვრთნელი - „ვორსკლა“ ძალიან კარგი გუნდია, უკრაინელებთან თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევაა #1TVSPORT

გორის „დილას“ მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ კონფერენს-ლიგის საპასუხო შეხვედრა შეაფასა, რომელშიც მისმა გუნდმა „დუნაისკა სტრედა“ 2:0 დაამარცხა და მეორე ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

„წილისყრისას შესაძლო მეტოქეებიდან ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეგვხვდა. „დუნაისკა სტრედა“ ძლიერი და ფიზიკურად კარგად მომზადებული გუნდია. სლოვაკეთშიც და გორშიც თამაშს ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ პირველ თამაშში არ გაგვიმართლა, საკუთარი ძალების ბოლომდე ვერ ვირწმუნეთ და თავდაჯერება გვაკლდა.

საპასუხო მატჩში სწორედ ეს მომეწონა, რომ თავდაჯერება იგრძნობოდა და არაერთი შანსი გვქონდა. უნდა გაგვეტანა, რაც მოვახერხეთ და შემდეგ ეტაპზე გასვლით მიზანს მივაღწიეთ.

მეტოქე კარგად შევისწავლეთ და გამოჩნდა, რომ უბურთოდ თამაში არ უყვარს. ჩვენ სწორედ ამას შევეცადეთ – მთავარი ამოცანა სლოვაკების უბურთოდ დატოვება იყო. ამ მხრივ მატჩის დაწყებიდანვე ერთ მიზანს მივაღწიეთ, შემდეგ გოლიც გავიტანეთ, რაშიც შეცვლაზე შესულმა მოთამაშეებმა თავიანთი წვლილი შეიტანეს.

ნიკა გაგნიძე გუნდის ლიდერი და კაპიტანია, დღეს ის ძალიან დაგვაკლდა. ნიკას ის თვისებები აქვს, რომელიც ძალიან გვჭირდება. გუნდის გაძლიერება გვსურს, მაგრამ ჯერ ვერ ვიპოვეთ ფეხბურთელები, რომლებიც ნამდვილად გამოგვადგებიან.

„ვორსკლასთან“ თამაში ჩემთვის დიდი გამოწვევაა, ძალიან კარგი გუნდია. სიმართლე გითხრათ, უკრაინულ გუნდთან ძალების მოსინჯვა მსურდა. ვიქტორ სკრიპნიკი ჩემი ქალაქის, ზაპოროჟიეს გუნდს წვრთნიდა, მე კი მისგან ვსწავლობდი“, – განაცხადა ანდრეი დემჩენკომ.

გორის „დილა“ კონფერენს-ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე უკრაინულ „ვორსკლას“ პირველ მატჩში 27 ივლისს სტუმრად (ნეიტრალურ მოედანზე, პოლონეთში) შეხვდება. განმეორებითი შეხვედრა კი 3 აგვისტოს გორში გაიმართება.