გორის „დილას“ კაპიტანი - გოლები უკრაინელ მწვრთნელს მივუძღვენით #1TVSPORT
ეროვნული ლიგის ახალი სეზონი გორის „დილამ“ წარმატებით დაიწყო. პირველ ტურში ანდრეი დემჩენკოს გუნდმა ლიგაში 10-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნებული „გაგრა“ 2:1 დაამარცხა.
თამაშის დროს გორელმა გულშემატკივრებმა მეგობარი უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად ამ ქვეყნის დროშა აღმართეს, ხოლო გატანილი გოლების შემდეგ ფეხბურთელებმა მთავარ მწვრთნელთან მიირბინეს და გატანილი გოლი მას მიუძღვნეს – უკრაინელ ანდრეი დემჩენკოს, რომელიც ზაპოროჟიელია და რუსეთის აგრესიაზე ძალიან მკვეთრი რეაქცია დააფიქსირა.
„დილას“ 20 წლის კაპიტანმა ნიკა გაგნიძემ შეხვედრის ემოციურ მომენტზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ წარმატება უკრაინელ მწვრთნელს მიუძღვნეს და ამით მისი ქვეყნის მიმართ აგრესორთან სამართლიან ბრძოლაში თანადგომა გამოხატეს.
„უკრაინაში ახლა მძიმე ვითარებაა, მოსახლეობა სიცოცხლისთვის იბრძვის, მატჩის დროს გატანილი გოლის დროს ჟესტით მთელ გუნდს გვსურდა ანდრეისთვის გვეჩვენებინა, რომ ჩვენ მის გვერდით ვართ და მისი სამშობლოსთვის რთულ მომენტში ვამხნევებთ“, – განაცხადა ნიკა გაგნიძემ.