გორის „დილამ“ სტუმრად „საბურთალო“ დაამარცხა #1TVSPORT
გორის „დილამ“ სტუმრად „საბურთალო“ დაამარცხა #1TVSPORT

ეროვნულ ლიგაში 22-ე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა. „საბურთალომ“ გორის „დილას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

ევროთასებს ქართული გუნდებიდან ბოლოს გორის „დილა“ დაემშვიდობა, რომელსაც ორი მატჩი გადაუდეს და ეროვნულ ლიგაში 5 ივნისის შემდეგ პირველად ითამაშა.

„მიხეილ მესხი 2“-ზე ჩატარებულ დაპირისპირებაში ანგარიში „საბურთალომ“ მე-10 წუთზე გახსნა. გორის „დილას“ მცველის შეცდომით შეიკნე სილამ ისარგებლა, მეკარესთან პირისპირ დარჩა და ზუსტად დაარტყა.

„დილამ“ ანგარიში 32-ე წუთზე ლამაზი კომბინაციით გაათანაბრა. ბანტუ მზვაკალის გადაცემაზე მცველებს ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა დაასწრო, ზუსტი თავური დარტყმით „საბურთალოს“ კარი აიღო და ტაიმი 1:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ უფრო მეტი საგოლე მომენტი „საბურთალომ“ შექმნა, მაგრამ შანსები ვერ გამოიყენა, „დილამ“ კი ერთადერთი რეალური მომენტი 83-ე წუთზე გოლად აქცია. პირველი შედეგიანი დარტყმის ავტორის, ანდრონიკაშვილის გადაცემით მიშიკო სარდალიშვილმა ისარგებლა და გორელები დააწინაურა.

22 ტურის შემდეგ „საბურთალო“ 41 ქულით მეორე ადგილზე დარჩა, ხოლო „დილა“ (37) – მეხუთეზე, თუმცა ამ უკანასკნელს ორი მატჩი მარაგში აქვს და ქულების მაქსიმუმის დაგროვებით მეორე ადგილზე დაწინაურება შეუძლია.