გორის „დილა“ საქართველოს ჩემპიონატში „სამტრედიას“ დაუპირისპირდა და გასვლით შეხვედრაში 2:1 გაიმარჯვა.
„ეროსი მანჯგალაძე არენაზე“ გამართული მატჩის პირველივე ტაიმში გორელებმა კომფორტული უპირატესობა მოიპოვეს. მე-11 წუთზე ანგარიში თორნიკე ძოწენიძემ გახსნა, ხოლო 33-ე წუთზე ნიკა გაგნიძემ „დილის“ უპირატესობა გაზარდა.
„სამტრედიის“ მოთამაშეებს შესვენების შემდეგ მცდელობა არ დაუკლიათ და თამაშის გადარჩენას ცდილობდნენ. 70-ე წუთზე დავით კირკიტაძემ სხვაობაც შეამცირა, მაგრამ მასპინძლებმა მეტი ვერაფერი მოახერხეს და „დილამ“ თამაში გამარჯვებამდე მიიყვანა.
გორელებმა 15 ტურის შემდეგ 27 ქულა დააგროვეს, მეხუთე ადგილზე არიან და ქულებით გაუთანაბრდნენ „დინამო თბილისს“ (27), რომელიც ტურის მატჩს მოგვიანებით გამართავს. „სამტრედია“ (7) კვლავ სატურნირო ცხრილის ბოლო, მე-10 საფეხურზე იმყოფება.