გორის „დილამ“ ორი ახალწვეული დაადასტურა - ორივე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია
გორის „დილაში“ ორი ახლი ფეხბურთელია. პირველი თამაზ ცეცხლაძეა – 23 წლის საყრდენი ნახევარმცველი. საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ყოფილმა წევრმა, კლუბთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. ცეცხლაძე მრავალმხრივი მოთამაშეა, ძირითადი პოზიციის გარდა თანაბარი წარმატებით შეუძლია ცენტრალურ მცველად თამაშიც. თამაზი ბოლოს ყაზახეთის ჩემპიონატის ბინადარ „ყიზლარში” ასპარეზობდა მანამდე კი ქუთაისის „ტორპედოსა“ და აზერბაიჯანული „საბაილის” რიგებში გამოდიოდა.
„დილას” მეორე ახალწვეული რომან ჭანტურიაა – 24 წლის ცენტრალური თავდამსხმელი რამდნიმე კვირაა კლუბთან ერთად ვარჯიშობს – მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ბოლომდე გააფორმა. ჭანუტურია თბილისის „ლოკომოტივის“ აკადემიის აღზრდილია, კარიერა იტალიურ „ემპოლიში“ დაიწყო, საიდანაც იჯარით თამაშობდა პორტუგალიის, იტალიისა და მალტის კლუბებში. ასევე იჯარის პერიოდი ორ ქართულ კლუბში გაატარა – 2018 წელს მშობლიურ „ლოკომოტივში“ და 2019 წელს – ბათუმის „დინამოში” გამოდიოდა, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდა და „დილას“ სწორედ ამ სტატუსით შეუერთდა. რომანი საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი იყო.