გორის „დილამ“ მოქმედი ჩემპიონი ბათუმის „დინამო“ გასვლაზე დაამარცხა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-17 ტურის ცენტრალური შეხვედრა ბათუმის არენაზე გაიმართა – ბათუმის „დინამომ“ ლიდერს, გორის „დილას“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა.
ამ შეხვედრამდე „დილა“ ლიდერობდა და მესამე ადგილზე მყოფ მოქმედ ჩემპიონს 5 ქულით ასწრებდა. ამიტომ საშინაო შეხვედრის მოგებით ბათუმელები ჩამორჩენას შეამცირებდნენ, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს.
პირველი ტაიმი დაბალ ტემპში მიმდინარეობდა, მომენტებიც ბევრი არ შექმნილა და უგოლოდ დასრულდა. მთავარი მოვლენა კი მეორე ტაიმში მოხდა. გორელებმა თამაშის ბოლო მონაკვეთი უკეთ ჩაატარეს და მიზანს ლეგიონერების დახმარებით მიაღწიეს.
71-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევა იბრაჰიმა დრამემ განავითარა და დასარტყმელ პოზიციაზე ტაირელ ვაუტერი გაიყვანა, რომელმაც გორელები დააწინაურა. გავიდა შვილი წუთი და ჟუაუ ნობრეგას შესანიშნავი გადაცემით კარის წინ ისევ ტაირელ ვაუტერი დარჩა და „დილას“ უპირატესობა გაზარდა.
17 ტურის შემდეგ გორის „დილამ“ 38 ქულა დააგროვა და ერთპიროვნული ლიდერია, „იბერიასთან“ (32) და ბათუმის „დინამოსთან“ (30) უპირატესობა კი საგრძნობლად გაზარდა.
მე-17 ტურის დარჩენილი 4 შეხვედრა ხვალ გაიმართება:
სამშაბათი, 28 მაისი
სამგურალი – ტორპედო
17:00. 26 მაისი – წყალტუბო
გაგრა – იბერია 1999
20:00. დავით პეტრიაშვილი – თბილისი
თელავი – სამტრედია
20:00. კავკასიონი არენა – თელავი