გორის „დილა“ პორტუგალიელმა მთავარმა მწვრთნელმა, რუი მოტამ დატოვა. ის სამწვრთნელო საქმიანობას სომხეთში გააგრძელებს, – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენი კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, რუი მოტამ თანამდებობა დატოვა. კლუბი ცდილობდა, ის დარჩენაში დაერწმუნებინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი გახდა. მან გამოიყენა კონტრაქტში არსებული მუხლი, რომელიც წასვლის უფლებას უტოვებდა. მან ამ მუხლის დამატება ხელშეკრულებაში თავად მოითხოვა.
მასთან ერთად გუნდს მწვრთნელის ასისტენტი ემანუელ რიბეიროც დატოვებს. ვამაყობთ ჩვენი კლუბით და ქალაქით. ვფიქრობთ, რომ იყო გორის ,,დილას“ ნაწილი, არის პრივილეგია და არა ვალდებულება. ჩვენ მადლობას ვუხდით რუის და ემანუელს ,,დილაში“ გატარებული დროის, შრომისმოყვარეობისა და პროფესიონალიზმისთვის. მათ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებთ.
უკვე ვმუშაობთ, რომ რამდენიმე უცხოელი კანდიდატიდან ჩვენი გუნდისთვის საუკეთესო შევარჩიოთ, რათა კლუბის ამბიციური მიზნები, რომელიც ამ სეზონში დავისახეთ, ბოლომდე მივიყვანოთ. ასევე განვიხილავთ რამდენიმე მოთამაშის დამატებას. სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაციას კლუბი ოპერატიულად მოგაწვდით“, – წერია „დილას“ მიერ გავრცელებულ ცნობაში.