გორგოძემ წაგებული მატჩი გადაარჩინა და აშშ-ის ღიას კვალიფიკაციის ნახევარფინალში გავიდა
გორგოძემ წაგებული მატჩი გადაარჩინა და აშშ-ის ღიას კვალიფიკაციის ნახევარფინალში გავიდა

ორშაბათს, ნიუ იორკში, „დიდი სლემის“ რიგით მეოთხე ტურნირი – აშშ-ის ღია პირველობა იწყება, სადაც მამაკაცთა ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ასევე არსებობს შესაძლებლობა, რომ ქალთა ძირითად ბადეში ვიხილოთ ეკატერინე გორგოძე. ამისთვის, მან კვალიფიკაციის სამი რაუნდი უნდა გაიაროს.

ქართველმა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა – უმძიმეს მატჩში დაამარცხა 16 წლის ამერიკელი ამომავალი ვარსკვლავი კეტი მაკნელი – 0:6, 7:5, 6:2.

გორგოძემ მატჩი ძალიან ცუდად დაიწყო და ზედიზედ 10 გეიმის წაგების შემდეგ, 0:6, 0:4 ჩამორჩა. ეკამ თამაშის შემოტრიალება მაშინ დაიწყო, როცა მეორე სეტში 1:5-ს აგებდა. ქართველმა ზედიზედ რვა გეიმი მოიგო და თავად დაწინაურდა მატჩში – 0:6, 7:5, 2:0. ამ სერიისას, გორგოძეს სამი მატჩბოლის მოგერიება მოუწია.

ამის შემდეგ, მაკნელი ფსიქოლოგიურად გატყდა და გორგოძეს აღარ გასჭირვებია კვალიფიკაციის ნახევარფინალში გასვლა.

სხვათა შორის, კეტი მაკნელი წელს, იუნიორთა როლან გაროსის ფინალში გავიდა, უიმბლდონზე კი ნახევარფინალამდე მიაღწია.

ეკატერინე გორგოძის მეორე მეტოქე აშშ-ის ღიას კვალიფიკაციაში WTA-ის ყოფილი ვარსკვლავი, უიმბლდონის ყოფილი ნახევარფინალისტი, კანადელი ეჟენი ბუშარი იქნება. ეს შეხვედრა ხუთშაბათს, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება