გორგოძე როლან გაროსს კვირას, 17 საათზე დაიწყებს - მისი მეტოქე პროფესიული ტურის ერთ-ერთი საუკეთესო იუნიორი იქნება #1TVSPORT
კვირას, 30 მაისს, პარიზში საფრანგეთის ღია პირველობა იწყება და პირველად 2019 წლის შემდეგ, საქართველოს ორი წარმომადგენელი ეყოლება ძირითად ბადეში: კაცებში ნიკოლოზ ბასილაშვილი და ქალებში – ეკატერინე გორგოძე, რომელიც კარიერაში პირველად მოხვდა „დიდი სლემის“ ძირითად ბადეში.
პირველი კორტზე გორგოძე გავა, რომელიც კვირას თავის შეხვედრას თბილისის დროით 17 საათზე დაიწყებს. მისი მეტოქე იქნება მსოფლიოს 90-ე ნომერი, დანიელი კლარა ტაუსონი.
სკანდინავიელი 18 წლისაა. 2016 წელს, 13 წლის ასაკში დანიის ჩემპიონატების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა. 2019 წლიდან პროფესიონალებში თამაშობს. ამ წელს იუნიორებს შორის ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო და პირველი დანიელი ჩოგბურთელი გახდა, ვინც იუნიორთა რეიტინგს ჩაუდგა სათავეში.
„დიდი სლემის“ ტურნირებზე დებიუტი შარშან, როლან გაროსზე ჰქონდა. პირველ წრეში ამერიკელი ბრეიდი დაამარცხა და შემდეგ ასევე ამერიკელ კოლინზთან დამარცხდა.
წელს, ტაუსონმა პირველად მოიგო WTA-ის ტურნირი – მარტში ჰარდის კორტზე ლიონში გაიმარჯვა. დანიელმა ამ ტურნირზე რუსი ალექსანდროვა, უნგრელი ბაბოში, იტალიელი ჯორჯი, ესპანელი ბადოსა და შვეიცარიელი გოლუბიჩი დაამარცხა.
გორგოძე და ტაუსონი პროფესიულ ტურში არასოდეს შეხვედრიან ერთმანეთს. მათ შორის გამარჯვებული მეორე წრეში ბელარუს ვიქტორია აზარენკასა და რუს სვეტლანა კუზნეცოვას შორის მოგებულს შეხვდება.