გორან პანდევი - „ნაპოლიში“ მაძარის შეუძლია, ელმასს დამსახურებული შანსი მისცეს #1TVSPORT
გორან პანდევი - „ნაპოლიში“ მაძარის შეუძლია, ელმასს დამსახურებული შანსი მისცეს #1TVSPORT

გორან პანდევი მიესალმა „ნაპოლის“ მწვრთნელად ვალტერ მაძარის დანიშვნას. ათი წლის წინ ის „პარტენოპეიში“ სწორედ იტალიელი სპეციალისტის ხელმძღვანელობით თამაშობდა.

სწორედ მაძარიმ მიიყვანა „ნაპოლიში“ გორან პანდევი და ჩრდილოეთმაკედონური ფეხბურთის ლეგენდა მისი მადლიერია. ამავე დროს, პანდევი თვლის, რომ მაძარი დაეხმარება და თავის გამოჩენის შანსს მისცემს მაკედონიელთა ვარსკვლავს, ძირითად შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას კონკურენტს, ელიფ ელმასს, რომელიც რუდი გარსიამ სკამზე დასვა.

„მაძარის მოყვანით „ნაპოლიმ“ შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო. ის საუკეთესო მწვრთნელია, რომელთანაც მხოლოდ კარგი მოგონებები მაკავშირებს. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ნეაპოლში ჩავსულიყავი, ჩემი სჯეროდა და მისი მადლიერი ვარ. არ შევმცდარვარ, რომ შემოთავაზებას დავთანხმდი და გადავედი „ნაპოლში“, სადაც მე და ჩემმა ოჯახმა დაუვიწყარი დღეები გავატარეთ.

ვფიქრობ, მაძარის შეუძლია, ელიფ ელმასს დაეხმაროს, ისევე როგორც მე დამეხმარა. როცა გუნდში მივედი, ცუდ ფორმაში ვიყავი, მაგრამ ის ჩემთან მუშაობდა, თავდაჯერებულობა დამიბრუნა და ისე დავიწყე თამაში, როგორც ვიცი და შემიძლია. მაძარიში მომწონს ის, რომ მოთამაშეებთან ინდივიდუალურად მუშაობა უყვარს, ზოგჯერ ვარჯიშის შემდეგაც კი. ელიფს მხოლოდ დიდი შრომა სჭირდება. მჯერა, რომ მას შანსი მიეცემა“, – განაცხადა გორან პანდევმა.