„დინამო-არენას“ მედიადარბაზში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ერთა ლიგის C2 ჯგუფში საქართველოსთან შეხვედრას მიეღძვნა, ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელს, იგორ ანგელოვსკის იტალიური „ჯენოას“ წევრი და ნაკრების კაპიტანი გორან პანდევი ახლდა. მან კომენტარი მოახლოებულ დაპირისპირებაზე გააკეთა და გამარჯვების იმედი გამოხატა.
„სასტარტო შეხვედრაში სომხეთთან სამი ქულა მნიშვნელოვანი იყო. სკოპიესგან განსხვავებით, ჩვენ თბილისში კარგი სათამაშო პირობები გვექნება. ამ სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფეროა“, – თქვა გორან პანდევმა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე,
ჩრდილოეთ მაკედონიის საფეხბურთო ნაკრების ლიდერი ხვალ ნაკრების მაისურს 109-ედ მოირგებს. მან იმედი გამოხატა, რომ პირველი წუთებიდან ითამაშებს:
„იმედი მაქვს, რომ საინტერესო მატჩი გველოდება, მაგრამ სამი ქულის მოპოვების შემდეგ ჩამოვედით და ხვალაც მოგება გვსურს. ჩვენი მოთამაშეების უმეტესობას კლუბებში ახალი სეზონითვის მზადება ჯერ არ დაუწყია და შესაძლოა, 100% -ით მზად არ ვიყოთ, მაგრამ ეროვნული ნაკრების მაისურში ყოველთვის მაქსიმალურად დახარჯვას უნდა ვეცადოთ – ეს სასურველი შედეგის მისაღწევად ერთადერთი გზაა. მჯერა, რომ ხვალაც ასე იქნება“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის მატჩი რვა სექტემბერს თბილისში, „დინამო-არენაზე“ გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და უმაყურებლოდ ჩატარდება. შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.