გონსალვეშმა ჰეთ-თრიქი შეასრულა - „დილა“ სამეულს მიუახლოვდა #1TVSPORT
ეროვნული ლიგის მე-16 ტური გორში გამართული შეხვედრით დასრულდა – „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“ „დილამ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.
გორელებს ანგარიშის გახსნის რეალური შანსი მე-17 წუთზე მიეცათ. ცოტნე მოსიაშვილის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი „დილას“ კაპიტანმა თორნიკე კაპანაძემ შეასრულა, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.
თბილისელებმა, რომლებიც თავიდანვე თავს იცავდნენ, პირველივე რეალური შანსი გამოიყენეს. 28-ე წუთზე დავით სამურკასოვმა გორელთა საჯარიმოსთან გადაცემა ჩაჭრა და კარის წინ ირაკლი ჭიაბრიშვილი მოძებნა, რომელმაც მეკარეს დაასწრო და „ლოკომოტივი“ დააწინაურა 1:0.
გორელებმა უპირატესობის რეალიზაცია მაინც მოახერხეს. 39-ე წუთზე პაატა ღუდუშაურმა ბურთი მოედნის ცენტრში მიიღო, კარისკენ დაიძრა და ეფექტური გოლით წონასწორობა აღადგინა 1:1.
„დილა“ მეორე ტაიმში სწრაფად დაწინაურდა, რაშიც გადამწყვეტი როლი ბრაზილიელემა ლეგიონერმა ვაგნერ გონსალვესმა ითამაშა. 47-ე წუთზე, ონორე გომისის პასით გაიტანა. ექვს წუთში დუბლი შეასრულა, ხოლო 77-ე წუთზე – ჰეთ-თრიქი და „დილამ“ 4:1 გაიმარჯვა.
„დილა“ 29 ქულით მეოთხე ადგილზეა, რამაც ანდრი დემჩენკოს გუნდს საშუალება მისცა, მესამეადგილოსან „სამგურალთან“ (30) ჩამორჩენა მინიმუმამდე შეემცირებინა, ხოლო „ლოკომოტივი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც ჯერ ქულა არ მოუპოვებია და ცხადია, ბოლო პოზიციაზეა.