იტალიის ჩემპიონი – ტურინის „იუვენტუსი“ მზად არის ფორვარდი გონსალო იგუაინი იჯარით „რომაში“ გაუშვას. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანლუკა დი მარციომ დაწერა.
რომაელებს ჯერ წინ აქვთ თავად იგუაინთან მოლაპარაკებები. უფრო ადრე, ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ 31 წლის არგენტინელს განზრახული აქვს ბოლომდე გამოიმუშაოს საკუთარი კონტრაქტი „იუვენტუსთან“. ეს ხელშეკრულება 2021 წლის ზაფხულამდეა ძალაში.
გარდა ამისა, „რომამ“ პრაქტიკულად დაასრულა „ატალანტადან“ მცველის, ჯანლუკა მანჩინის შეძენის პროცედურა. ასევე, რომაელები მოლაპარაკებებს აწარმოებენ „ბეტისთან“ მცველ მარკ ბარტრას ტრანსფერთან დაკავშირებით.
შარშანდელი სეზონის პირველი ნაწილი იგუაინმა „მილანში“ გაატარა, რის შემდეგაც „ჩელსიში“ გადავიდა. არგენტინელი ორივე გუნდში იჯარის წესით თამაშობდა და სეზონის შემდეგ „იუვენტუსში“ დაბრუნდა.